მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიური ქვეყნები დიდი ხანია მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში (World Happiness Report) ლიდერობენ, 2026 წელმა ერთი სიურპრიზი მოიტანა. ანგარიშის 14-წლიან ისტორიაში პირველად, საუკეთესო ხუთეულში ლათინური ამერიკის ქვეყანა მოხვდა: კოსტა-რიკამ გააგრძელა თავისი მრავალწლიანი აღმასვლა და, 2023 წლის 23-ე ადგილიდან, 2026 წელს მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
რეიტინგი, რომელსაც ყოველწლიურად Gallup-ი, ოქსფორდის კეთილდღეობის კვლევის ცენტრი და გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელი ადგენენ, ეფუძნება სამწლიან საშუალო მაჩვენებელს იმისა, თუ როგორ აფასებენ 140 ქვეყნის მცხოვრებლები საკუთარ ცხოვრებას.
ამასთან ერთად, გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მშპ (GDP), სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, აღქმული თავისუფლება, გულუხვობა და კორუფცია.
ზედიზედ მეორე წელია, საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა ვერცერთი დიდი ინგლისურენოვანი ქვეყანა: ავსტრალია მე-15 ადგილზეა, აშშ - 23-ე, კანადა - 25-ე, ხოლო დიდი ბრიტანეთი - 29-ე ადგილზე.
წელს საუკეთესო ხუთეულში შემავალ თითოეულ ქვეყანას აქვს უნიკალური ასპექტები, რომლებიც მათ ბედნიერებას განაპირობებს, თუმცა არჩევანის გაკეთების თავისუფლება ყველა მათგანში მაღალი მაჩვენებლით ფასდება.
1. ფინეთი
ბოლო 10 წლიდან 9-ის განმავლობაში ფინეთი პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანას მაღალი ქულები აქვს სოციალური მხარდაჭერისა და კორუფციის აღქმის დაბალი დონის კუთხით. აქ მცხოვრებლები ხშირად მიუთითებენ სოციალური დაცვის ქსელზე - განათლებისა და ჯანდაცვის ჩათვლით - რომელიც უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განცდას ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მაღალი გადასახადებია, მოსახლეობა ამაში ნათელ კომპენსაციას ხედავს.
2. ისლანდია
2014 წლის შემდეგ პირველად, ისლანდიამ მეორე ადგილზე დანია ჩაანაცვლა. ეს კუნძულოვანი სახელმწიფო, სულ რაღაც 400 000 მცხოვრებით, პირველ ადგილზეა სოციალური მხარდაჭერის კუთხით - თუ რამდენად გრძნობენ მოსახლეები, რომ გასაჭირის დროს ვინმეს იმედი შეიძლება ჰქონდეთ. ის ასევე ხვდება საუკეთესო ათეულში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და გულუხვობის მაჩვენებლებით, რაც მას რეიტინგში ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ ლიდერად აქცევს.
3. დანია
დანია ტრადიციულად მოწინავე პოზიციებზეა - ისტორიის განმავლობაში ანგარიშში ის მეოთხე ადგილს ქვემოთ არასდროს ჩამოსულა და ხშირად პირველ ადგილსაც იკავებდა. წელს ის მესამე ადგილზე გავიდა. ქვეყანა ასევე მესამე ადგილს იკავებს გლობალურად სოციალური მხარდაჭერისა და კორუფციის დაბალი დონის კუთხით, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით - მეშვიდეზეა.
4. კოსტა-რიკა
წლევანდელ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადასული კოსტა-რიკა პირველი ლათინურამერიკული ქვეყანაა, რომელიც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. 2021 წლის შემდეგ მისი თავისუფლების ინდექსი და სოციალური მხარდაჭერის მაჩვენებლები თითქმის გაორმაგდა. მართალია, კოსტა-რიკა არ არის ისე მაღლა მშპ-ითა და სამთავრობო მხარდაჭერით, როგორც სკანდინავიური ქვეყნები, მაგრამ მოსახლეობა საკუთარი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების კუთხით თავისუფლების მაღალ დონეს აფიქსირებს. ანგარიშის თანახმად, ისინი თავიანთ ცხოვრებას იმაზე ბევრად უკეთ აფასებენ, ვიდრე ამას მხოლოდ გაზომვადი ფაქტორები იწინასწარმეტყველებდა.
5. შვედეთი
წელს მეხუთე ადგილზე მყოფი შვედეთი გასული ათწლეულის განმავლობაში მეოთხე და მეათე ადგილებს შორის მერყეობდა. ის მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობით, ხოლო მეხუთეს - კორუფციის აღქმის დაბალი დონით. მისი მოწინავე პოზიცია ასახავს იმას, რასაც მოსახლეობა პროგრესულ ურბანულ ცხოვრებასა და ბუნებასთან მარტივ წვდომას შორის ბალანსს უწოდებს.
მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა 2026 წლისთვის, ასე გამოიყურება:
1. ფინეთი
2. ისლანდია
3. დანია
4. კოსტა-რიკა
5. შვედეთი
6. ნორვეგია
7. ნიდერლანდები
8. ისრაელი
9. ლუქსემბურგი
10. შვეიცარია




























