სამეგრელოში, ზუგდიდში მდებარე ხის კოტეჯებისა და სახლების საწარმო „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფი“ წელს კონვეიერულ მიმართულებას ააქტიურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს კომპანიის საწარმოში უკვე აწყობილი და მზა კოტეჯების შეძენა და სასურველ ლოკაციამდე წაღება შეეძლებათ. აქამდე, კომპანიას კოტეჯების მოწყობა, მხოლოდ დამკვეთის მიერ შერჩეულ ადგილას შეეძლო. ამის შესახებ BM.GE-სთან გიორგი შამუგიამ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ წელს, გაზაფხულზე უკვე ამოქმედდება. შამუგია გაძვირებულ ნედლეულზე საუბრობს, რისი გათვალისწინებითაც პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზარდა.
„კონვეიერული მიმართულებით განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „აწარმოე საქართველოში“ განაცხადი გვქონდა გაკეთებული, რაზედაც ცოტა უხეში კორექტირებები გააკეთეს. კონსულტაცია გავიარეთ და ახალი განაცხადი გასულ წელსვე შევიტანეთ. იქამდე, ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ, რაც გვჭირდებოდა და ნაწილობრივი გადაიარაღება წარმოებაში უკვე გაკეთებულია. 14 000 ლარის ინვესტიცია ჩვენი სახსრებით უზრუნველვყავით.
ზუგდიდის შემოგარენში ტერიტორია, სადაც საწარმო უნდა მოეწყოს, უკვე მზად არის და ეს პროექტი წელს უკვე ამოქმედდება. გაზაფხულისთვის ფაქტობრივად მზად იქნება. თან იმედი გვაქვს, რომ „აწარმოე საქართველოში“ დაგვეხმარება, თუ რამე არ შეიცვალა. შენობის მოწყობისთვის სენდვიჩ პანელები გვინდა, რომ კონვეიერული წარმოება დაიწყოს. შესაბამისად, შენობის მოსაწყობ ინვესტიციას მათგან ველოდებით. გაზაფხულამდე დაველოდები და თუ არაფერი იქნება, მაშინ პროექტი საკუთარი რესურსებით გაკეთება. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა საინვესტიციოს მოცულობის კორექტირებაც დაგვჭირდება. ყველაფრის ფასი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. ადრე თუ 40 000 მჭირდებოდა, ახლა პროექტის ღირებულება 50 000 ლარამდეა ასული“, - ამბობს ბიზნესმენი.
„კოტეჯები სამეგრელო ჯგუფის“ დამფუძნებლის ცნობით, სოცმედიაში აქტივობა და გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამასთან, დაახლოებით 20%-ით გაძვირებული ნედლეულის ფონზე, კოტეჯების კვადრატულის ფასის ზრდაც იგეგმება.
„ვმუშაობთ უფრო რუსულ მასალაზე, რადგან არ შემოდის აღმოსავლეთ ევროპული ნედლეული, რომელიც ჩვენი სფეროსთვის საუკეთესოა. ამიტომ, ბაზარზე არსებული ნედლეულის ათვისება გვიწევს. არჩევანი არ გვრჩება.
კოტეჯის დაახლოებით კვადრატულის ფასი თუ აქამდე 900-1100 ლარამდე იყო, ახლა 1200-1300 ლარამდე ზრდა მოგვიწევს, რომ მინუსში არ წავიდეთ“, - აცხადებს გიორგი შამუგია.
ბიზნესმენის თქმით, წარმოებაში 7 ადამიანს ასაქმებს, თუმცა რომ არა მათი ნათესაური კავშირი, კადრების შემცირება გარდაუვალი იქნებოდა.
ინფორმაციისთვის, ხის მწარმოებელი კომპანია „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფი“ ზუგდიდში მდებარეობს და ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს ხის კოტეჯებსა და სახლების აშენებას სთავაზობს და საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში აქვთ მიწოდების შესაძლებლობა.