მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-პასპორტი, ანუ Travel Pass-ი მომდევნო თვიდან ამოქმედდება - IATA

6035f3fb153c3
თათია კაკიაშვილი
25.02.21 00:00
11882

ახალი აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს Covid-19 ტესტებსა და ვაქცინებზე ინფორმაციის შენახვასა და მართვაში დაეხმარება, მომდევნო თვიდან ამოქმედდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, IATA Travel Pass საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიერ მუშავდება, რომლის გლობალური სავაჭრო ასოციაციაც 290 ავიაკომპანიას აერთიანებს. IATA იმედოვნებს, რომ უფასო მობილური აპლიკაცია იქნება საზღვრების გახსნის და მსოფლიოში ფრენების განახლების გასაღები - კარანტინის საჭიროების გარეშე.

აპლიკაცია Travel Pass მუშაობს ოთხი პრინციპით: პირველი - მოგზაურობის მსურველებისთვის არსებობს ჯანმრთელობის მოთხოვნების გლობალური რეესტრი, რომლის საშუალებით მგზავრებს შეეძლებათ, შეამოწმონ, რა არის საჭირო იმ ქვეყნებში შესასვლელად, რომელთა მონახულების იმედიც აქვთ. ამის შემდეგ, მოგზაურები გაეცნობიან ტესტირებისა და ვაქცინაციის ცენტრების გლობალურ რეესტრს, რათა შეძლონ გამგზავრებამდე საჭირო პროცედურების გავლა. შემდეგ ავტორიზებული ლაბორატორიები და კოვიდ ტესტ-ცენტრები მგზავრებს უსაფრთხოდ გაუზიარებენ ტესტისა და ვაქცინაციის სერთიფიკატებს სწორედ ამ აპლიკაციის საშუალებით. ბოლოს კი, მოგზაურები შეძლებენ საკუთარი ციფრული პასპორტების მართვას: შექმნიან პასპორტის ციფრულ ვერსიას, მიიღებენ და შესაბამის პარამეტრებში ატვირთავენ Covid-19 ტესტირების ან ვაქცინაციის შედეგებს და მგზავრობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.

ამასთან, როგორც IATA–ს ვებ-გვერდზეა აღნიშნული:  ”საზღვრების კარანტინის გარეშე გახსნის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ აპლიკაცია COVID-19-ის იმპორტირების რისკს შეამსუბუქებს". თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ IATA Travel Pass ერთადერთი გამოსავალი არ არის - არსებობს სხვა მრავალი სამგზავრო საშვი, რომელიც უკვე მზად არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები