მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა

აეროპორტი
15.04.24 11:48
230

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტის (ISAGO) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ორგანიზაცია და მართვა, ჩატვირთვის კონტროლი, მგზავრთა გადაყვანა, საბარგო და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება.

ISAGO-ს სერთიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურებას ახორციელებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და IATA -ს მოთხოვნების და რეკომენდაციების სრული დაცვით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც არსებული, ასევე ქართული საავიაციო ბაზრით დაინტერესებული ახალი ავიაკომპანიებისთვის, რამდენადაც ISAGO-ს სერთიფიკატის ქონა მათთვის უსაფრთხო ოპერირების, მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვის გარანტს წარმოადგენს. აკრედიტაციის პროცესში ჩართული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა ძალისხმევისა და ეფექტური მუშაობის შედეგად გათვალისწინებულ ვადებში მოხდა სერთიფიცირების წარმატებით დასრულება.

IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტი (ISAGO) წარმოადგენს საავიაციო ინდუსტრიის გლობალურ, მსოფლიოში აღიარებულ პროგრამას სახმელეთო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისათვის. ISAGO უზრუნველყოფს საექსპლუატაციო პროცედურების სტანდარტიზაციას და ზრდის საუკეთესო პრაქტიკის ჰარმონიზაციას საავიაციო ინდუსტრიაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აკრედიტაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო, რომლის შედეგადაც IATA-ს აუდიტორების მხრიდან განხორციელდა სახმელეთო მომსახურების პროცესების სრულმაშტაბიანი აუდიტი. ISAGO-ს აკრედიტაცია კომპანიას ენიჭება 2 წლის ვადით, რომლის ვადის გასვლის შემდგომ IATA-ს მხრიდან ჩატარდება რესერთიფიცირების აუდიტი. აკრედიტაციის ფლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს, რამდენადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის ძირითადი აქციონერი ფრანგული ADP ჯგუფი გახდა, რომელიც მსოფლიოში 110 აეროპორტში ოპერირებს.

“ტავ ჯორჯიას” შესახებ

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები