მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოვიდ-პასპორტი შესაძლოა იუსტიციის სახლებშიც გაიცეს - ამირან გამყრელიძე

60e824b9acb91
ინგა მურუსიძე
09.07.21 14:45
5324
ე.წ. კოვიდ-პასპორტი, ანუ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები შესაძლოა იუსტიციის სახლებში გაიცეს. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე გააჟღერა.

„ყველა ადამიანს შეუძლია ორჯერადად ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებას მოსთხოვოს ორჯერადად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი QR-კოდით. ყველა დაწესებულებას ევალება, რომ მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე ამობეჭდოს ეს დოკუმენტი. გარდა ამისა, იუსტიცის სახლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მოქალაქის მიმართვის შემდეგ ამობეჭდონ ეს დოკუმენტი, იმ შემთხვევაში, თუ სხვა კონკრეტულმა დაწესებულებამ ის არ გასცა“, - განაცხადა გამყრელიძემ,  თუმცა დასძინა, რომ ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და განხილვა მიმდინარეობს.

რაც შეეხება პრობლემას, რომელზეც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოდან წარდგენილი QR-კოდი არ აღიქმება, გამყრელიძე პასუხობს, რომ შესაძლოა ერთჯერადი შემთხვევები არის, თუმცა პრობლემა მასობრივი არ არის.

გარდა ამისა, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ყველა მოქალაქეს შეუძლია კოდი თავად გადაამოწმოს. მედია დაინტერესდა, თუ რას გეგმავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის წასახალისებლად:

„ვგეგმავთ, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. მედია უნდა დაგვეხმაროს, სასურველია ჟურნალისტები ორჯერადად იყოთ აცრილი. მოქალაქეებს უნდა მივცეთ პირადი მაგალითი, რომ აცრა არის ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისთვის, რომ აღარ მოგვიკვდეს ადამიანები და მაქსიმალურად შემცირდეს ახალი შემთხვევები. ბევრი პოსტი, ბევრი ბლოგია საჭირო-დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ, თუმცა მეტია საჭირო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები