მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კოვიდის შემდეგ ასეთი ჩავარდნა არ გვქონია“ - რა დატვირთვით მუშაობს Best Western Premier Batumi?

ბათუმი

ბათუმში მოქმედი სასტუმრო Best Western Premier Batumis მინიმალური დატვირთვით მუშაობს. „კოვიდის შემდეგ ასეთი ჩავარდნა არ გვქონია“ - ამბობს BM.GE-სთან ზამთრის ტურისტული პერიოდის შეფასებისას სასტუმროს გენერალური მენეჯერი თამარ მაზიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ, ზღვისპირა ქალაქის ტურისტულ სეგმენტზეც იქონია გავლენა და მოთხოვნის შემცირების გამო სასტუმროს მენეჯმენტს განთავსების ღირებულების შემცირებაც მოუწია.

ბათუმში ტურიზმი უფრო სეზონურობით ხასიათდება და ამ პერიოდში ზოგადად დატვირთვა დაახლოებით 35-40% გვქონდა ხოლმე, თუმცა წელს ესეც განახევრებულია. დატვირთვა ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ისრაელიდან გვაქვს, თუმცა ძალიან შემცირებულია. სასტუმროს მხოლოდ 10-15%-ით არის დაკავებული, რაც ძალიან ცუდად აისახება სასტუმრო სეგმენტზე.

ფასებიც შევამცირეთ, ძალიან ბევრი აქციები ჩავუშვით. ერთი ღამით განთავსების მინიმალური ღირებულება 150 ლარამდეა შემცირებული, რაც არასდროს გვქონია. დაკეტილ სასტუმროს, ჯობია, მინიმალური დატვირთვით იმუშაოს, რადგან თანამშრომელთა ხელფასები გვაქვს გასაცემი. ჩვენ თანამშრომლებს არ ვამცირებთ სეზონურობის მიხედვით, თუმცა წელს ძალიან გაგვიჭირდა ხარჯების დაფარვა“, - ამბობს სასტუმრო Best Western Premier Batumi-ს გენერალური მენეჯერი და აღნიშნავს, რომ დღეისთვის სასტუმროში 120-მდე ადამიანი საქმდება.

თამარ მაზიაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ მუშაობას აგრძელებენ.

„კოვიდის შემდეგ ასეთი ჩავარდნა არ გვქონია. 2021-2022 წლების ზამთარიც რთული იყო, თუმცა შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა და სტუმრების რაოდენობა იზრდებოდა. იმასაც ვფიქრობდით, რომ ბათუმში სეზონური ტურიზმი გაქრებოდა, თუმცა ახლა ისეთი მდგომარეობაა... დეკემბერში ასეთი დაბალი დატვირთვა არასდროს გვქონია“, - ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, წინასწარი ჯავშნები ამ ეტაპზე ყურის ქვეყნებიდან შემოდის, მაგრამ ტურისტული კომპანიები ფასების შემცირებას ითხოვენ.

„ჯავშნები ყურის ქვეყნებიდან კეთდება, თუმცა ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ფასდაკლებას ითხოვს. გვთხოვენ თანხის დაკლებას, რადგან საქართველოში ჩამოყვანისას ტურისტული კომპანიებიც რისკავენ, მათ არ იციან ზაფხულის პერიოდში რა იქნება.

ევროპიდან ბოლო პერიოდში სტუმრები საერთოდ არ გვყოლია, მაშინ როდესაც პოლონეთიდან და გერმანიიდან გვსტუმრობენ ხოლმე. ფაქტობრივად განულებულია booking-ით ჯავშნების განთავსება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, უძრავი ქონების სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსებული განაცხადების მიხედვით, ბათუმში სასტუმრო Best Western Premier Batumi $26 მილიონად იყიდება. თუმცა აღნიშნული ინფორმაციას სასტუმროს მმართველი კომპანია "მეგა პალასის" დირექტორი თამარ მაზიაშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ განაცხადი მათ არ გამოუქვეყნებიათ. "დამფუძნებელი სასტუმროს გაყიდვას არ გეგმავს", - განუცხადა თამარ მაზიაშვილმა BM.GE-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები