მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდპანდემიის პარალელურად, ჯანდაცვის მუშაკების გადაქანცვის პანდემია მიმდინარეობს - გიორგი შაქარიშვილი

609c0b328e874
თამთა ჯიჯავაძე
12.05.21 23:38
658
ტექნიკურ ლიტერატურაში უკვე ჩნდება სტატიები, სადაც საუბარია იმაზე, რომ კოვიდპანდემიის პარალელურად, მეორე პანდემია მიმდინარეობს, ანუ ჯანდაცვის მუშაკების გადაქანცვის, გადაღლის, გადაწვის პანდემია, - ამის შესახებ გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა გიორგი შაქარიშვილმა გადაცემა Forbes Health-ში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის გადაწვის პანდემია უფრო ნაკლებად ხილულია, და ამაზე შედარებით ნაკლებად არის საუბარი, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ეს ასეა.

„ეს ხალხი უკვე წელიწად-ნახევარია, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, პირველ რიგში კლინიცისტები, თუმცა ასევე ლაბორატორიის თანამშრომლები, ეპიდემიოლოგები და სხვა. ფინანსური წახალისების გარდა ხანგრძლივ პერსპექტივაში სამედიცინო პერსონალის სხვანაირი სტრატეგიული დაგეგმვა არის საჭირო, რათა ქვეყანა უკეთ იყოს მომზადებული ასეთი გამოწვევებისთვის“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

მან საქართველოში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაცვალების დღევანდელი სტატისტიკა პიკურ პერიოდში არსებულ სტატისტიკას შეადარა და აღნიშნა, რომ პროპორციულად დღევანდელ ინფიცირებულთა ფონზე გარდაცვალების რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე პიკის დროს.

„დღეს [11 მაისს] დღიური ინფიცირების შემთხვევა - 1800-მდე, გარდაცვალების 31 შემთხვევა იყო, ხოლო აქტიური შემთხვევა - დაახლოებით 16 000. ამ მონაცემების ფონზე 31 გარდაცვალება არის ძალიან მაღალი. როდესაც ჩვენ ინფიცირების დღიური პიკური მაჩვენებელი გვქონდა დეკემბრის დასაწყისში - დაახლოებით 5400, მაშინ დღიური გარდაცვალება იყო 50. ანუ ხომ არ შეიძლება ამის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ისიც, რომ ჯანდაცვის პერსონალს გადაწვას აქვს ადგილი და ბუნებრივად ხდება კლინიკურ ღონისძიებებში ხარვეზები. ეს შესასწავლია, ამის საფუძველზე დასკვნებია გასაკეთებელი და სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები“, - აღნიშნა გლობალური ჯანდაცვის ექსპერტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები