მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Kraft Heinz-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

კომპანიების გაყოფა

საკვები ინდუსტრიის წამყვან ამერიკულ კომპანია Kraft Heinz-ს, რომელიც ფართოდ თავისი საწებლებითაა ცნობილი, ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

60 წლის სტივ კაჰილანი კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, Kraft Heinz-ი ორ ნაწილად გაყოფას და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ბიზნეს მიმართულებების განვითარებას გეგმავს. მათგან ერთი ყოველდღიური სასურსათო პროდუქციის დამზადებასა და გამოშვებაზე იქნება კონცენტრირებული, მეორე კი Kraft Heinz-ის ტრადიციულ მიმართულებას, საწებლების წარმოებას განავითარებს. 2026 წლის მეორე ნახევრისთვის, ანუ მაშინ, როცა გაყოფის პროცესი ოფიციალურად დასრულდება, კაჰილანი საქმიანობას საწებლების ბიზნესის ხელმძღვანელის პოზიციაზე გააგრძელებს.

რაც შეეხება თავად 60 წლის აღმასრულებელ დირექტორს, სტივ კაჰილანს სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის კომპანია Coca-Cola-ს არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე 7 წლის განმავლობაში, 2007-2014 წლებში მუშაობდა. ამასთან, ის იყო კომპანიის ოპერაციული მიმართულების ხელმძღვანელი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. Kraft Heinz-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე ის საკვები პროდუქციის მწარმოებელ კიდევ ერთ ამერიკულ კომპანია Kellogg-ს ხელმძღვანელობდა. 2023 წელს, სწორედ მისი ზედამხედველობის ქვეშ გაიყო Kellogg-ი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად. გაყოფის შედეგად შექმნილი Kellanova კი, რომელიც ბოლო წლებში ტკბილეულსა და წასახემსებლებს აწარმოებდა, გასულ კვირას კომპანია Mars-მა $36 მილიარდად ოფიციალურად შეიძინა.

სავარაუდოდ, სწორედ ეს წარმატებული გამოცდილება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შეირჩა კაჰილანი Kraft Heinz-ის დირექტორად კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ამ ეტაპზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები