"კრეატიულობა ბიზნესის ხელში ძალიან ძლიერი იარაღია და არა ფუფუნება, ან უბრალოდ არასაჭირო ხარჯი" – ამის შესახებ კრეატიული სააგენტო "სუპერმარკეტის" თანადამფუძნებელი გიორგი ტაბატაძე BMGDrive-ის ეთერში საუბრობს. მისი თქმით, შემოქმედებითი გადაწყვეტილებები პირდაპირ კავშირშია კომპანიების ფინანსურ წარმატებასთან და ბიზნესმა ამ მიმართულებას სწორედ საინვესტიციო თვალით უნდა შეხედოს.
გიორგი ტაბატაძის განმარტებით, სარეკლამო სფეროსა და ბიზნესის ზრდა ურთიერთდაკავშირებული პროცესია, სადაც ერთი მეორის გარეშე ვერ განვითარდება. მან მაგალითად ფესტივალ Ad Black Sea-ზე Burger King-ის ყოფილი მარკეტინგის დირექტორის, ფერნანდო მაჩადოს გამოსვლა მოიყვანა, სადაც წარმოდგენილი იყო კონკრეტული მონაცემები მარკეტინგის გუნდის კრეატიულ ჯილდოებსა და კომპანიის გაყიდვების ზრდას შორის კორელაციის შესახებ.
"რეალურად, ეს ორი სფერო, კონკრეტულად სარეკლამო სფერო ვერ იარსებებს კლიენტის გარეშე. იმიტომ, რომ მთელი ჩვენი მუშაობის არსი არის ის, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ მესიჯები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კონკრეტული ბიზნესი თუ ნებისმიერი ორგანიზაცია. და თუ ისინი არ გამოგვყვნენ, ისინი თუ არ იყვნენ ისეთივე თამამები ან შორსმჭვრეტელები, როგორსაც ითხოვს ხოლმე სააგენტო, ვერც ისინი გაიზრდებიან და მეორეს მხრივ, სააგენტოს არ ექნება საშუალება, რომ ისეთი პროექტი გააკეთოს, რომელიც მასაც წინ წასწევს, როგორც კომპანიას.
Ad Black Sea-ზე იყო ჩამოსული ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მარკეტერი, რომელიც Burger King-ის მარკეტინგის დირექტორი იყო ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, და გვანახა კონკრეტული ცხრილი, რომელიც აჩვენებდა Burger King-ის წარმატების კორელაციას კანის ფესტივალზე წარმატებასთან ერთად - ანუ როცა იგებდა ბევრ ჯილდოს, რამდენად კარგი იყო მათი გაყიდვები. მისი გამოსვლის მთელი არსიც ეგ იყო, რომ კრეატიულობა არ არის იმისთვის, რომ ვიღაცას უნდა, რაღაც განსაკუთრებული ნამუშევარი გააკეთოს. კრეატიულობა არის ძალიან ძლიერი იარაღი ბიზნესის ხელში და ამას აკეთებს იმიტომ, რომ ბიზნესს ეს სჭირდება", - ამბობს გიორგი ტაბატაძე.
მისი შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე კრეატივის ინვესტიციად აღქმა ჯერ კიდევ გამოწვევაა, თუმცა არსებობს იმედი, რომ ბაზრის განვითარებასთან და კონკურენციის ზრდასთან ერთად, ეს მიდგომა ეტაპობრივად შეიცვლება.
ქართული ბაზრის შეფასებისას, "სუპერმარკეტის" თანადამფუძნებელმა იმ შემთხვევებზეც ისაუბრა, როდესაც სააგენტომ კონკრეტულ კომპანიებთან მუშაობაზე უარი თქვა. ტაბატაძის თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების უგულებელყოფა შეუძლებელია, რის გამოც სააგენტო გარკვეულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
"ეს პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ამ ქვეყანაში არის, ჩვენთვის ვერ იქნება მორიგი "ნიუსი", ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ ძალიან გვაწუხებს... ჩვენი აზრით, კონკრეტული ადამიანები უსამართლოდ არიან დაჩაგრულები და სანამ ისინი დაჩაგრულები არიან, ძალიან გაგვიჭირდება, რომ მათ ჩაგვრასთან აფილირებულ ადამიანებთან ვიმუშაოთ. ასე რომ, ეგ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რის გამოც გვიწევს ხოლმე ურთიერთობებზე უარის თქმა", - თქვა მან და აღნიშნა, რომ მსგავსი პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე კიდევ არაერთ სააგენტოს აქვს, რომლებისთვისაც ღირებულებითი ღერძი პრინციპულად მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ კრეატიული სააგენტო "სუპერმარკეტი" ბაზარზე 2025 წლის მარტიდან ოპერირებს.



























