ქართულ კრეატიულ ბაზარზე ახალი სარეკლამო სააგენტო Supermarket ამოქმედდა, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის ბევრისთვის ცნობილმა სახეებმა, ეკა ყიფიანმა, სანდრო ციცქიშვილმა, გიორგი ტაბატაძემ და ვასკა ჩუბინიძემ დააფუძნეს. Supermarket კრეატიულ ბაზარსა და "ფრილანსერებს" (თვითდასაქმებულ კრეატორებს) დასაქმების განსხვავებულ მოდელს სთავაზობს. სააგენტოს შექმნის იდეასა და მიდგომებზე BM.GE-სთან ეკა ყიფიანმა ისაუბრა.
"ჩვენს ცხოვრებაში დავინახეთ საჭიროება, გვინდოდა შეგვექმნა სააგენტო და გვემუშავა იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც დიდი ხანია ვმუშაობთ და ძალიან მოგვწონს ეს თანამშრომლობა. იდეა თავისით გაჩნდა, ჩვენ ოთხიდან ერთმა მეორეს მიმართა, მეორემ მესამეს და ასე, გავუზიარეთ ეს ინფორმაცია, ჩვენი გამოცდილება, ხედვები, საჭიროებები ერთმანეთს. შემდეგ სხვებსაც ვკითხეთ, როგორც კლიენტებს, ასევე კრეატიული სფეროს წარმომადგენლებს, ვინც კონტენტს ქმნიან. საბოლოო ჯამში, შევკრიბეთ ინფორმაცია და მივედით ახალ მოდელამდე, რომელსაც სუპერმარკეტი დავარქვით", - განმარტავს ეკა ყიფიანი.
დამფუძნებლის თქმით, Supermarket-ის მიზანია, "ფრილანსერებს" ის სიკეთეები შესთავაზოს, რაც სააგენტოში დასაქმებას ახლავს თან, თუმცა, ამავდროულად, შტატგარეშე მუშაობის უპირატესობების შენარჩუნების საშუალებაც მისცეთ.
"საჭიროება, პირველ რიგში, იქიდან გაჩნდა, რომ ჩვენ ყველანი "ფრილანს" ბაზარზე აღმოვჩნდით, ზოგი უფრო ხანგრძლივად, ზოგი მცირე დროით, და გვინდოდა, ერთად გვეკეთებინა პროექტები, რადგან გვგონია, რომ ეს მიდგომა უფრო ეფექტურია და უფრო საინტერესო რაღაცები გამოდის. მეორე რიგში კი, კარგი პროექტის განხორციელებას კვალიფიციური ადამიანები სჭირდება, რომ კარგი გამოვიდეს. ამ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი კოვიდპანდემიის შემდეგ თვითდასაქმებაზეა გადასული და ამიტომ, ვქმნით სააგენტოს, რომელიც გამოცდილ კადრებს დააინტერესებთ და შეუნარჩუნებთ იმ სიკეთეებს, რომელიც "ფრილანს" ბაზარს აქვს, თუმცა მისცემს იმ სიკეთეებსაც, რაც სააგენტოს აქვს: გუნდურ მუშაობას, ურთიერთობს, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
სააგენტოს მოდელი არა სახელფასო, არამედ ჰონორარულ ლოგიკაზეა აწყობილი. ვამბობთ, რომ გარე სამყაროსთვის Supermarket-ი სააგენტოს ჰგავს, ჩვენთვის კი საწევრო კლუბია, რომელიც საშუალებას იძლევა, კრეატორის საქმიანობა, ერთ პროექტს გააკეთებს თუ ხუთს, პროპორციულად აისახოს მის შემოსავალზე. პასუხისმგებლობაც და წარმატებაც იმ კრეატორების ხელშია, ვინც უშუალოდ მუშაობენ პროექტებზე. მოგვწონს, რომ დამოუკიდებლობაზეა ჩვენი მოდელი მორგებული და არა იმ ოთხ კაცზე, რომლებიც დამფუძნებლებში წერიან", - აღნიშნავს ეკა ყიფიანი.
დამფუძნებლის განმარტებით, Supermarket-ი მუდმივ თანამშრომლებთან ერთად, ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებსაც აძლევს პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას: "როგორც კი ჩნდება პროექტი, იქმნება ჯგუფი, რომელიც შედგება როგორც სააგენტოს მუდმივი, ასევე ცვალებადი წევრებისგან. კომუნის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი, არაა რთული გზა გასავლელი, მთავარია ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანების ჩართულობა გვჭირდება".
ეკა ყიფიანს ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაზეც ვკითხეთ. როგორც ის აღნიშნავს, ჩანს, რომ მიმდინარე წელი სარეკლამო მიმართულებისთვის საინტერესო იქნება.
"გამიჭირდება ბაზრის ცალსახა შეფასება, ცვალებადი პერიოდები აქვს ხოლმე ინდუსტრიას, არის პიკები და ჩავარდნები და ეს ყველაფერი ძალიანაა მიბმული ყველაფერ დანარჩენზე, ბიზნესის საქმიანობაზე, ტემპზე, კონკურენციაზე. სარეკლამო ინდუსტრიისთვის კარგი პერიოდია, როდესაც ბრენდები ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში, ეს უფრო საინტერესო მუხტს ქმნის. ახლა შედარებით ცუდი პერიოდია, თუმცა მგონია, რომ ძალიან მომწიფებულია იმისთვის, რომ უკან დაიწყოს სვლა და ველოდებით, რომ ეს წელი სარეკლამო ინდუსტრიისთვის საინტერესო იქნება", - აღნიშნავს ეკა ყიფიანი.