კრემლი აცხადებს, რომ აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებების შინაარსი არ გასაჯაროვდება. "ეს ტექნიკური საკითხებია და მისი შინაარსი საჯარო არ გახდება", - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და ამატებს, რომ უახლოეს მომავალში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის. მაგრამ აშშ-სა რუსეთის დიპლომატებს შორის კომუნიკაცია გაგრძელდება.
უკვე რამდენიმე კვირაა, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ორი ქვეყნის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 24 მარტს გამართეს შეხვედრა, რომელიც თორმეტ საათს გრძელდებოდა.
როგორც NBC წერს, 24 მოლაპარაკებების მთავარი თემა შავი ზღვა და იქ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა იყო. შავ ზღვაზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები სასოფლო და მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებას იწვევს, რასაც თავის მხრივ გავლენა აქვს მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვებზე. BBC წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების პირობების დაცვის სანაცვლოდ, კრემლი დასავლური სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვს.
რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 23 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება. მისი დასრულების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ენერგეტიკული ობიექტების დაცვის მნიშვნელობა განიხილეს.