ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს. რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე 2024-2025 სასწავლო წლისთვის მისაღებად კონკურსი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. შესაბამის განცხადებას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
“განაცხადის შესავსებად, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე "განათლება რუსეთის ფედერაციაში", შეავსოთ ფორმა და გაგზავნოთ გადამოწმებისთვის. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2023 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ დეტალური ინსტრუქციები“, - ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ თვეში საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნებოდა, სადაც სწავლის საფასურს რუსეთის ფედერაცია "გადაიხდიდა".