მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრემლი სარკინიგზო კომპანიას მოუწოდებს, გაყიდოს "მოსკოვის კოშკები" და დაფაროს ვალები

მოსკოვის კოშკები

რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიას მოუწოდა, გაყიდოს მოსკოვში მდებარე ცათამბჯენი “მოსკოვის კოშკები”, რათა არსებული ვალები დაფაროს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ობიექტი კომპანიამ 2024 წელს $2.42 მილიონ დოლარად შეიძინა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ოდენობის თანხის აკუმულირებას მოელის კრემლი, რომლის ინფორმაციითაც, სარკინიგზო კომპანიის ამჟამინდელი დავალიანება $50 მილიარდს სცდება.

როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აიცილოს ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა, რაც აუცილებლად მოხდება, თუ კომპანია ვალების დაფარვას არ დაიწყებს. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანია რთულ მდგომარეობაში პუტინის ხელისუფლების მიერ ქვეყნის საომარ ეკონომიკაზე გადაყვანამ ჩააყენა. კომპანიისთვის დამატებითი გამოწვევაა რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც, რაც აღებული საფინანსო ვალდებულებების გასტუმრებას კიდევ უფრო ართულებს.

სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის მძიმე მდგომარეობა კრემლისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის, რადგან ეს ფირმა 700,000 თანამშრომლით ქვეყანაში უმსხვილესი დამსაქმებელია. შესაბამისად, კრიზისის გაღრმავების ფონზე დამატებითი ეკონომიკური პრობლემების გაჩენის რეალური საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება თავად “მოსკოვის კოშკებს”, რომელთა გაყიდვითაც რუსეთის ხელისუფლებას სარკინიგზო ფირმის ვალის ნაწილობრივ გასტუმრება სურს, ის 283 მეტრის სიმაღლის, 62-სართულიანი შენობაა და მოსკოვურ მანჰეტენზე, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. სარკინიგზო კომპანია აღნიშნული ნაგებობის სათავო ოფისად გამოყენებას განიხილავდა, თუმცა, სავარაუდოდ, ადმინისტრაციას ახალ, გაცილებით მოკრძალებულ შენობაში გადასვლა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები