მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

wb

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, შეიმუშაოს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

კრემლში სიტყვით გამოსვლისას პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს "ტერორისტული აქტები" უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ობიექტების რეკონსტრუქცია ფუნდამენტურად ახალი ტექნოლოგიური მიდგომითა და სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის სექტორი სერიოზული წნეხის ქვეშ მუშაობს, ინფრასტრუქტურა ფუნქციონირებას ეფექტიანად მაინც განაგრძობს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობაში წარდგენილი დადგენილების პროექტის თანახმად, იმ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა ზარალმაც წლიური შემოსავლის 5%-ს გადააჭარბა, საგადასახადო ვალდებულებებსა და საზღვარგარეთიდან იმპორტირებული საქონლის გარდა, დამატებული ღირებულების გადასახადზე, მოგების გადასახადსა და სადაზღვევო შენატანებზე 12-თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესდებათ. შეღავათი ეხება 2026 წლის აგვისტოდან 2027 წლის ივლისამდე პერიოდის გადასახადებს. სამინისტროს განმარტებით, შეღავათებით სარგებლობისთვის საჭირო დაზარალებულთა სიას უშუალოდ Wildberries-ისა და Russ-ის ალიანსი შეადგენს და ყოველთვიურად საგადასახადო სამსახურს გადაუგზავნის. პარალელურად, ცალკეული მხარდაჭერის პაკეტი განისაზღვრა თავად WB-სთვისაც, რომელსაც 2026 წლის ივლისიდან 2027 წლის ივნისამდე პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების გადახდის ვადა 2027 წლის 28 ივლამდე გადაუვადდა. ამასთან, წლის ბოლომდე შეჩერდება საგადასახადო შემოწმებები და ექვსი თვით გაგრძელდება დავალიანების გადახდის მოთხოვნის ვადა.

კიევის განცხადებით, Wildberries-ი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დანიშნულების კომპონენტებითა და აღჭურვილობით ამარაგებს, ამიტომ კომპანია სამხედრო თავდასხმების სამიზნეშია. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კომპანიის 15 უმსხვილესი ლოგისტიკური ჰაბის განადგურების შემდეგ, სამიზნეში Ozon-იც ამოიღეს, სწორედ ამიტომ, ბოლო დღეებში დრონებით იერიში მიიტანეს Ozon-ის ობიექტებზე კრასნოდარის, ორენბურგისა და სამარის ოლქებში, აგრეთვე სანქტ-პეტერბურგის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაც მასშტაბური ხანძრები და საწყობების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია.

ცნობისთვის, შექმნილი კრიზისის საპასუხოდ, რუსულმა სავაჭრო პლატფორმებმა გამყიდველებთან ხელშეკრულებების პირობები შეცვალეს, რის შედეგადაც კომპანიები უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებისას განადგურებულ საქონელზე პასუხისმგებლობასა და ზარალის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები