კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაცია 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე მოსკოვის წარმომადგენლობას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
თავის მხრივ, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ სამუშაო დონის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს შეასრულებს.
მისი განმარტებით, შეხვედრის მიზანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ გეგმის წინ წაწევა იქნება, რომელიც მიზნად ომის დასრულებას ისახავს.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები ყურადღებას ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებზე, დეესკალაციაზე, ჰუმანიტარულ საკითხებსა და მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე გაამახვილებენ.
ცნობისთვის, რუსეთმა და უკრაინამ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების სამი რაუნდი მიმდინარე წლის დასაწყისშიც გამართეს. შეხვედრებიდან პირველ ორ რაუნდს 23-24 იანვარსა და 4-5 თებერვალს სწორედ აბუ-დაბიმ უმასპინძლა, მესამე შეხვედრა კი 17-18 თებერვალს ჟენევაში ჩატარდა.
























