საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 380 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში $500 მილიარდით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 10%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 102,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $2 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,300 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $397 მილიარდია.
კრიპტოინდუსტრიის დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟის ვარდნასთან, რასაც AI-ბუშტის გარშემო შიშების გაძლიერება, ინვესტორების შეშფოთება და ლევერიჯირებული ტრეიდინგ პოზიციების ლიკვიდაცია განაპირობებს.
როგორც წესი, როცა ეცემა საფონდო ბირჟა, მაშინ მცირდება კრიპტოაქტივების შეფასება, რადგან სარისკო აქტივების მიმართ ინტერესი იკლებს და ეს ფასებზე ნეგატიურად აისახება.




























