მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოაქტივებში განხორციელებული $670-მილიონიანი ინვესტიციის გამო, ჰეჯ-ფონდი 3AC გაკოტრდა

62c294deaeb2b
გიორგი თოლორდავა
04.07.22 11:25
1566
კრიპტობირჟის დაღმასვლასა და ციფრული აქტივების მკვეთრ გაუფასურებას მორიგი საფინანსო ორგანიზაცია შეეწირა - სინგაპურში დაფუძნებულმა ჰეჯ-ფონდმა Three Arrows Capital (3AC) გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.

3AC-ის კრახი $670-მილიონიან საფინანსო ვალდებულებას უკავშირდება, რომელიც ჰეჯ-ფონდმა კრიპტო და ციფრულ აქტივებში ინვესტირებისთვის გამოიყენა. უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოვალუტების მკვეთრმა გაუფასურებამ სარისკო აქტივებით დატვირთული საინვესტიციო პორტფელი მქონე ჰეჯ-ფონდის შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა, რის გამოც კომპანიამ ვერ შეძლო თანხის მოზიდვა და ვალის დაფარვა.

შეგახსენებთ, რომ 3AC-ის დეფოლტის შესახებ ინფორმაცია BMG-ის მკითხველმა ჯერ კიდევ ვადის ამოწურვის დღეს, 27 ივნისს შეიტყო.

Voyager Digital-ის წინაშე არსებულ ვალდებულებაზე დეფოლტირების შემდეგ, 3AC-ის აქტივების ლიკვიდირების და გაკოტრების პროცედურა ამოქმედდა, რომელმაც რამდენიმე დღეში კულმინაციას მიაღწია.

გაკოტრებული ჰეჯ-ფონდი სინგაპურში 2012 წელს დაფუძნდა, მარტის მდგომარეობით, 3AC დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებდა, თუმცა რამდენიმე თვეში პორტფელის საერთო მოცულობა $3 მილიარდამდე შემცირდა, რაც ზოგადი კრიპტობირჟის დაღმასვლასთან და უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის - TerraUSD / LUNA-ს კოლაფსთანაა დაკავშირებული.

Wall Street Journal-თან ინტერვიუში 3AC-ის წარმომადგენლობამ აღიარა, რომ მხოლოდ კრიპტოვალუტა LUNA-ს კოლაფსით ჰეჯ-ფონდმა $200 მილიონზე მეტით იზარალა.

აღსანიშნავია, რომ Three Arrows Capital-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჟუ სუ კრიპტოენთუზიასტია, მას საჯაროდ არაერთხელ უთქვამს, რომ მომდევნო ათწლეულში ის ბიტკოინის ფასის $2.5-მილიონიან ნიშნულამდე ზრდას პროგნოზირებს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები