კრიპტობირჟა Kraken-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში აქციების საჯარო განთავსებისთვის ემზადება. კომპანიის თანახელმძღვანელმა არჯუნ სეთიმ დაადასტურა, რომ მარეგულირებელ ორგანოში კონფიდენციალური განაცხადი უკვე გაგზავნილია. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე, კრიპტობირჟის საბაზრო ღირებულება ნოემბერში დაფიქსირებული 20-მილიარდიანი ნიშნულიდან $13.3 მილიარდამდე შემცირდა.
კომპანიის შეფასების კლება ახალ საინვესტიციო გარიგებას უკავშირდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, საუბარია Deutsche Börse Group-თან დადებულ შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც ის კრიპტობირჟაში $200 მილიონს დააბანდებს და Kraken-ის 1.5%-ის მფლობელი გახდება.
აღსანიშნავია, რომ კრიპტობაზარზე დაფიქსირებული ვარდნის გამო Kraken-მა აქციების საჯარო განთავსების პროცესი გასულ თვეში დროებით შეაჩერა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ პერიოდში ბიტკოინის ფასი ოქტომბრის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით 40%-ით შემცირდა. თუმცა, ბოლო კვირებში ბაზარზე დაფიქსირებულმა დადებითმა ტენდენციამ და მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულების $76,000-მდე გაზრდამ Kraken-ის დამფუძნებლებს პროცესის განახლებისკენ უბიძგა.
ცნობისთვის, Kraken-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟაა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში განაცხადი პირველად 2025 წლის ნოემბერში წარადგინა.




























