მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის შემდეგ აქტივების გატანის ფუნქციის აღდგენას კრიპტობირჟა Binance-იდან $3.64 მილიარდის აქტივების გადინება მოჰყვა. კომპანიის განცხადებით, 1 ნოემბერს მომხმარებლებმა პლატფორმიდან ჯამურად $4.65 მილიარდი გაიტანეს, თუმცა $1.01 მილიარდის დეპოზიტების შედინებამ ვითარება მცირედით შეამსუბუქა.
რეზერვების უახლესი მონაცემებით, აქტივების გადინებამ ბირჟის $171 მილიარდის ღირებულების მთლიანი აქტივების 2.1% შეადგინა. Binance-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ თავდაპირველი სწრაფი ზრდის შემდეგ გატანის ტემპი დასტაბილურდა, შემოსული დეპოზიტების მოცულობა კი კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.
ინფორმაციისთვის, კრიპტობირჟამ ტრანზაქციების ეტაპობრივი აღდგენა კვირას დაიწყო და საწყის ფაზაში შემავალი 15 ქსელის მომსახურება სრულად განაახლა. Binance-მა მომხმარებლების წინაშე ზარალის საკუთარი სახსრებით კომპენსირების ვალდებულება აიღო და მოპარული თანხის 95% უკვე დაფარა. კომპანიის განმარტებით, დარჩენილი 5% დაბალლიკვიდურ აქტივებს მოიცავს და მათ ბაზარზე მოძიებას შედარებით მეტი დრო დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა დამშვიდება სოციალურ ქსელ X-ში Binance-ის დამფუძნებელმა ჩანპენ ჟაომაც სცადა. მან აღნიშნა, რომ კლიენტების 98%-მა ბირჟაზე დარჩენა არჩია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას Binance-ზე ისტორიაში უმსხვილესი, $6.3 მილიარდის ოდენობის კიბერთავდასხმა განხორციელდა. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეს ოპერაცია ჩრდილოეთ კორეის ჰაკერულ დაჯგუფება TraderTraitor-ს მიაწერა.
























