ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა Binance-იდან ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, $6.3 მილიარდი მოიპარეს. კომპანიის განცხადებით, პარტნიორებთან კოორდინაციით უკვე მოხერხდა დაახლოებით $3 მილიარდის მოცულობის მოპარული აქტივების გაყინვა.
ბირჟის თანადამფუძნებელმა, ი ჰემ განაცხადა, რომ პლატფორმა მომხმარებელთა ყველა ზარალს სრულად დაფარავს. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხმარებელთა დეპოზიტები ხელუხლებელი დარჩა, თანხის გატანის სერვისი კი მომდევნო 48 საათში სრულად აღდგება.
როგორც ბლოკჩეინ-ანალიტიკურმა კომპანიებმა, TRM Labs-მა და Chainalysis-მა განაცხადეს, თავდასხმის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას. TRM Labs-ის შეფასებით, ოპერაციის მახასიათებლები ჩრდილოეთ კორეის ელიტური ჰაკერული დაჯგუფების, TraderTraitor-ის ხელწერას ემთხვევა. ანალიტიკოსების ცნობით, თავდამსხმელებმა 10 სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული საფულეებიდან თანხის უდიდესი ნაწილი 20 წუთში გადაიტანეს.
თავად Binance-ის პირველადი გამოძიებით დგინდება, რომ ინციდენტის საწყისი წერტილი ერთ-ერთი ინჟინრის გატეხილი კომპიუტერი გახდა. ამ გზით თავდამსხმელებმა სისტემაზე წვდომა მოიპოვეს და არაავტორიზებული ტრანზაქციები განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ მოპარული თანხების ბლოკირების ოპერაციაში კრიპტოინდუსტრიის მსხვილი კომპანიებიც ჩაერთნენ. კერძოდ, სტეიბლკოინების ემიტენტმა Tether-მა დაახლოებით $1.57 მილიარდის აქტივები გაყინა, Circle-მა კი - $800 მილიონზე მეტი. პარალელურად, Ripple-მა $200 მილიონამდე ღირებულების რესურსი დაბლოკა, World Liberty Financial-მა კი BitGo-სთან თანამშრომლობით $29 მილიონის მოცულობის ტოკენები შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარს გლობალურ ციფრულ ბაზარზე ფასების მყისიერი ვარდნა მოჰყვა. Bitcoin-ის ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა და $76,368-მდე დავიდა, Etherium-ის ღირებულება კი ასევე 3%-ზე მეტით დაეცა და $2,178-მდე ჩამოვიდა. ამასთან, Binance-ის ტოკენის, BNB-ის ფასი ბოლო 24 საათში 5%-ით შემცირდა და $709.70-მდე გაუფასურდა.
თავის მხრივ, საფონდო ბირჟაზე კრიპტობირჟა Coinbase Global-ის აქციების ფასი 4.8%-ით შემცირდა, მსხვილი კორპორაციული მყიდველის, Strategy-ის აქციებმა კი თითქმის 6% დაკარგა.
























