მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოგადახდის კუთხით 1,000-ზე მეტ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ - CityPay.io

ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ

საქართველოში მოქმედი კანონებით, პროდუქტისა თუ სერვისის სანაცვლოდ საფასურის გადახდა და საფასურის მიღება მხოლოდ ერთ ვალუტაში - ქართულ ლარში შეიძლება. თუმცა ბოლო წლებში, საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც გადახდა სურთ არა ტრადიციულ, ანუ ფიატ-ვალუტებში, არამედ კრიპტოვალუტებში.

აი, სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება ქართული CityPay.io, რომელიც მომხმარებლებსა და მერჩანტებს კრიპტოვალუტებით გადახდის საშუალებას აძლევს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ბექა ქემერტელიძე TECH INFORM-ში ამბობს, CityPay.io-ს გადახდის ფუნქციონალს, ამ დროისთვის, 1,000-ზე მეტი კომპანია იყენებს.

CityPay.io სტარტაპია და ჩვენთანაც, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სტარტაპის შემთხვევაში, ბიზნესმოდელი, ტექნოლოგია და რესურსები, რომელთაც ვიყენებთ, ხშირად იცვლება. სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომლითაც Tether-ი დავაინტერესეთ, რადგან კომპანია, რომელიც ცვლად გარემოსთან სწრაფად ადაპტირდება, ძალიან ხელსაყრელია.

CityPay.io-ს დღევანდელი ბიზნესმოდელი, ასე გამოიყურება: პროდუქტის ან სერვისის საფასურს კრიპტოგადამხდელი ნებისმიერი კრიპტოსაფულით იხდის, როგორც ლოკაციაზე, ასევე ონლაინ, ხოლო ჩვენ ამ კრიპტოტრანზაქციას ლარში ვაკონვერტირებთ, ანუ იურიდიულად, მერჩანტი ტრანზაქციას ეროვნულ ვალუტაში ახორციელებს, მაგრამ კრიპტოვალუტის მფლობელისთვის, ეს კრიპტოტრანზაქციაა.

დღევანდელი მდგომარეობით, 1,000-ზე მეტ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. თავიდან, სტუმარმასპინძლობის სექტორის კომპანიებთან ვთანამშრომლობდით, ანუ სასტუმროებთან და რესტორნებთან, მაგრამ დღეს ფაქტობრივად ყველა სექტორს ვფარავთ, მათ შორის ავტომობილებით ვაჭრობას და უძრავ ქონებას. ჩვენი გადახდის მეთოდის გამოყენება ნებისმიერ ბიზნესში შეიძლება, სადაც გადახდა ხორციელდება”, - განაცხადა ბექა ქემერტელიძემ TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას ბექა ქემერტელიძემ იმ უპირატესობებზეც ისაუბრა, რომელთაც ის კომპანიები იღებენ, რომლებიც CityPay.io-ს გადახდების ფუნქცნიონალს დანერგავენ. უპირატესობებს შორის, კომპანიის თანადამფუძნებელი ახალ ბაზარზე გასვლის საშუალებას ასახელებს.

“ცალსახა უპირატესობა ისაა, რომ ჩვენთან თანამშრომლობით კომპანია ახალ ბაზარზე შედის, სადაც ახალი მომხმარებლის ათვისება შეუძლია. უპირატესობებს შორის, ცხადია, ასევე არის სისწრაფე და კომფორტი. კომპანია, რომელიც CityPay.io-სთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, გადახდების მიღების სხვადასხვა საშუალებას იღებს, მათ შორის POS-ტერმინალს, რომელშიც ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა არის ჩაშენებული”, - განაცხადა ბექა ქემერტელიძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები