კრიპტოვალუტის მომსახურების პროვაიდერი კომპანია „კრიპტომატი“ ეხმაურება შპს „ბიტექსჩეინჯის“ მენეჯმენტის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმებსა და შესაძლო ფავორიტიზმს ეხებოდა.
„კრიპტომატში“ აცხადებენ, რომ ოპონენტი კომპანიის განცხადებები „საკუთარი მძიმე დარღვევების გადაფარვის უსუსური მცდელობაა“.
bm.ge კომპანია „კრიპტომატის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, პასუხი გავცეთ შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს ჩვენი კომპანიის შპს „კრიპტომატის“ მიმართ.
შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის განცხადებები ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმის შესახებ და შპს „კრიპტომატის“ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ გაგვკვირვებია. ეს მიდგომა სრულად შეესაბამება კომპანიის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტილს.
შპს ბიტექსჩეინჯი მრავალი წელია გამოირჩევა არაკეთილსინდისიერი კონკურენციითა და ბიზნესპრაქტიკით. ამას ადასტურებენ არა მხოლოდ კონკურენტები, არამედ სხვა კომპანიები და პირებიც, რომლებსაც მათთან რაიმე ბიზნესგადაკვეთა ჰქონდათ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას მათი მხრიდან წარმოდგენილ კანონდარღვევებსა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე, რასაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს კვლავ მივაწვდით და ასევე სასამართლოში შევიტანეთ შესაბამისი სარჩელი.
შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წარმოთქმული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა. ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ შემოწმება განხორციელდა გეგმურად 2026 წლის თებერვალში. კომპანიას დაეკისრა 572 118 000 ლარის ჯარიმა რაც გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან სერიოზული დარღვევებით, მათ შორის საეჭვო ოპერაციების ანგარიშგების, სისტემებისა და შიდა კონტროლის ხარვეზებიდან გამომდინარე. სიცრუე იყო კომპანიის დირექტორის დავით ორჯონიკიძის განცხადება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ექსკლუზიურად მათი შემოწმება, რადგან შპს „კრიპტომატიც“ ბიტექსჩეინჯის მსგავსად ამ დრომდე გადის მარეგულირებლის მხრიდან შემოწმებას, როგორც რამდენიმე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერიც.
ასევე სიცრუეა დავით ორჯონიკიძის განცხადება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკი ვალდებული იყო შპს „კრიპტომატის“ ლიცენზია გაეუქმებინა. გვინდა აღვნიშნოთ, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლის ზომებს არ აქვს კავშირი კომპანიასთან, უფრო მეტიც მის წილს კომპანიაში ადევს სასამართლოს ყადაღა. ამასთანავე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიება, რის საფუძველზეც გიორგი ბაჩიაშვილს შეუჩერდა კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, რაც რეესტრში წარდგენილი წესდების შესაბამისი ცვლილებით დასტურდება.
ჩვენი პოზიცია უცვლელია: ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლობიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა. საკუთარი მძიმე დარღვევების სხვების დადანაშაულებით გადაფარვა პასუხისმგებლობიდან თავის არიდების უსუსური მცდელობაა და მიზნად ისახავს რეალური პრობლემიდან აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.“
აღსანიშნავია, რომ კრიპტომატის წილის 40%-ს გიორგი კიკვაძე ფლობს, 60%-ს კი მედიჩი პარტნერსი, რომელიც თავის მხრივ, სისტემიქს ჯგუფის და კეპლერ ინვესტმენტის საკუთრებაა. სისტემს ჯგუფის წილის 100% იოსებ ბოლქვაძეს ეკუთვნის, კეპლერ ინვესტმენტსი კი გიორგი ბაჩიაშვილის საკუთრებაა. სწორედ მის სასარგებლოს ფავორიტიზმში ადანაშაულებს ეროვნულ ბანკს ბიტექსჩეინჯის დამფუძნებელი დავით ორჯონიკიძე.
შეგახსენებთ, პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.
























