მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კრიპტოში ქალების ადგილი არაა” - სტერეოტიპის წინააღმდეგ! - ხვიჩა კოპინაძე

“კრიპტოში ქალების ადგილი არაა” - სტერეოტიპის წინააღმდეგ! -  ხვიჩა კოპინაძე
08.03.24 09:35
471

“კრიპტო ინვესტიციებში საკმაოდ დიდი გენდერული პრობლემაა” - ეს სათაური ჰქონდა CNBC-ის 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ზემოთ ხსენებულ პრობლემას მიმოიხილავდა. კრიპტო ინდუსტრია მართლაც ხშირად აღიქმება - როგორც მამაკაცების მიერ დომინირებული სფერო, სადაც ქალებს იშვიათად ვხვდებით. ეს ყველაფერი კი განპირობებულია ინდუსტრიის ადრეული ქცევებითაც - როგორებიც იყო თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკის ბიტკოინ კონფერენცია 2018 წელს, რომლის Afterparty-ც 5000 მონაწილისთვის მაიამის სტრიპ კლუბში გაიმართა (კაცებისთვის განკუთვნილი ღონისძიება). ბუნებრივია, ორგანიზატორებმა მოგვიანებით საკმაოდ ინანეს ეს გადაწყვეტილება. არაერთ კრიპტო კონფერენციას დავსწრებივარ მსოფლიოს გარშემო და ჩემი პირადი გამოცდილებითაც შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სფეროში კაცები დომინირებენ. თუმცა, ამ ნარატივის მიღმა სხვა ჭეშმარიტება იმალება. ამ სტატიაში, ვეცდები ერთგვარად დავანგრიო კრიპტო ინდუსტრიაში გენდერული უთანასწორობის მითი - დაგანახოთ რეალური სურათი, მიმოვიხილო ინდუსტრიის პროგრესი და სხვადასხვა მცდელობა გენდერული მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის გაზრდისათვის.

არსებული რეალობა:

კრიპტო ინდუსტრიაც “მამაკაცებით დომინირებადი” ინდუსტრიებიდან - ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროებიდან წარმოიშვა და შედეგად, მათ მსგავსად აღიქმება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შეხედულება თანდათან ქრება. დღეს ისე, როგორც არასდროს, ქალები ქმნიან და აყალიბებენ კრიპტო ინდუსტრიას სხვადასხვა მრავალფეროვანი პოზიციებიდან თუ როლებიდან.

განსხვავებით ტრადიციული ფინანსური სისტემებისგან, რომლებსაც გეოგრაფიული ლიმიტები და საზღვრები აქვთ დაწესებული, კრიპტოვალუტა გლობალურად ხელმისაწვდომია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რომლებიც ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც საბანკო სერვისები ნაკლებად განვითარებულია, მაგალითად აფრიკა - სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ყველაზე დიდ პროცენტს არ მიუწვდება ხელი ფინანსური სისტემებზე. ბიტკოინი მათ შესაძლებლობას აძლევს, იყვნენ ფინანსური და ეკონომიკური სამყაროს ნაწილი - განურჩევლად სქესისა და წარმომავლობისა და პოტენციურად, უხსნის კარებს ჰქონდეთ დანაზოგები, მიიღონ ფულადი გზავნილები თუ შეძლონ სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაც კი.

მიმდინარე ტენდენციების შეფასება ციფრებით:

TheSteerCrypto.com სტატიის მიხედვით “მდედრობითი სქესი კრიპტო ანტრეპრენიორები 5%-ზე ნაკლებია”. ასევე, Binance-ის 2021 წლის კრიპტო მომხმარებლების ინდექსიც გვიჩვენებს, რომ გლობალურად ქალები კრიპტო მომხმარებლების 5%-ს არ აღემატებიან.

მართალია, ზემოთ ხსენებული მონაცემებიც საკმაოდ დიდი გენდერული დისბალანსის მანიშნებელია, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე ტენდენცია, რომელიც საკმაოდ პოზიტიური ტრაექტორიითაა მიმართული ამ გამოწვევის დასაბალანსებლად.

  • Robinhood, - ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო პლატფორმის მონაცემებით, ქალი კრიპტო ინვესტორების რაოდენობა 2021 წელს გაშვიდმაგდა!
  • Coinjournal ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ზრდას კრიპტოვალუტის ქალ მფლობელებში - რაც გლობალურად, 21%-დან 37%-მდე გაიზარდა 2021-2022 წლებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქალ კრიპტო მომხმარებლებს ახასიათებთ საკმაოდ მაღალი აკადემიური განათლებისა დონე - მათი 50%+ ფლობს ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხს (კაცების 37%-თან შედარებით).
  • Gemini-ს რეპორტი - კრიპტოინდუსტრიის გლობალურ მდგომარეობაზე გვამცნობს, რომ გენდერული დისბალანსი მნიშვნელოვნად მცირდება და ქრება, რადგან ქალთა პროცენტული წილი ინდუსტრიაში უკვე 47%-ს აღწევს (2022-ის მონაცემებით).

აღსანიშნავია, რომ კრიპტო ინდუსტრიაში გენდერულ მრავალფეროვნებაზე გლობალური მონაცემები თითქმის არ მოიპოვება. თუმცა, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები და რეპორტები საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის. რამდენიმე წყარო გვიჩვენებს, რომ ქალთა მონაწილეობა ამ ინდუსტრიაში მზარდია და დღევანდელი მოცემულობით გლობალური კრიპტო ინვესტორების 30%-ზე მეტს ქალები შეადგენენ.

რომ შევაჯამოთ, რასაკვირველია - მიზანმიმართული დისკრიმინაციის შეფასებაც აუცილებელია, თუმცა ამ გენდერული დისბალანსის სრულად გამიზნულ ქმედებებზე მიწერის ნაცვლად, საჭიროა ჩავეძიოთ უფრო ფართო სოციალურ-კულტურულ კონტექსტებსაც, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანების ამ ინდუსტრიაში ჩართულობაზე.

რიცხვების მიღმა

2023 წლის 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული ნაშრომი იკვლევს პოტენციურ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გენდერულ სხვაობებზე კრიპტო ინვესტიციებში. ეს კვლევა ჩატარდა ნორვეგიაში და შედეგებიც გარკვეულწილად ფოკუსირებულია კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა მჯერა, რომ ის უფრო ზოგად რეალობასაც ასახავს. კვლევა ყურადღებას ამახვილებს ისეთ პიროვნულ ფაქტორებზე, როგორებიცაა:

  • Financial self-efficacy (ანუ ფინანსური თვითრწმენა): კვლევა აჩვენებს, რომ მაღალი ფინანსური თვითრწმენის მქონე ადამიანები უფრო პოზიტიურები არიან კრიპტო ინვესტიციების მიმართ. მამაკაცებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, რაც განაპირობებს მათ უფრო რისკიან საინვესტიციო ქცევას.
  • Financial overconfidence (ანუ ზედმეტი თავდაჯერებულობა ფინანსურ უნარ-ჩვევებში): კვლევის შედეგებით, მაღალი თავდაჯერებულობის მქონე ადამიანები მეტად არიან მიდრეკილები ამ ინდუსტრიისკენ. ამ მხრივ ქალები აფიქსირებენ უფრო მაღალ მაჩვენებლებს.
  • Personality Traits (ანუ პიროვნული თვისებები): კვლევაში განხილული 5 პიროვნული თვისებიდან ქალებს კაცებთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, გარდა ემოციური სტაბილურობის თვისებისა, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ სფეროსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ.

კვლევა მიგვანიშნებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ვიდრე რაიმე მიზანმიმართული ქმედება, რომ ქალები ინდუსტრიის მიღმა დარჩნენ. მამაკაცებს უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ კრიპტოინდუსტრიის მიმართ, შესაბამისად მეტად რისკავენ, როცა ქალებს უფრო მეტი გარანტიები და უსაფრთხოება სჭირდებათ იმავე ინდუსტრიაში ჩართვისა და შემობიჯებისთვის, თუმცა გაცილებით უფრო თავდაჯერებულები არიან თავიანთ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.

ინკლუზიურობის ზრდა და პოტენციალის მაქსიმიზაცია

მჯერა, რომ სხვაობა კრიპტო ინდუსტრიაში კაცებსა და ქალებს შორის განპირობებულია მხოლოდ პიროვნული მახასიათებლებით. ეს კი წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობას ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისთვის, რომ უფრო მეტად მოარგონ თავიანთი მარკეტინგული ძალისხმევა ქალებს და მათ ინტერესებს, რაც გაზრდის მათ სამომხმარებლო აუდიტორიასაც.

ჩემი გამოცდილებით, კრიპტო მარკეტინგიც უფრო მამაკაცებზეა ფოკუსირებული. თუმცა, მრავლადაა ორგანიზაციებიც, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ქალების წინ წამოწევასა და გაძლიერებას ამ ინდუსტრიაში, მაგალითად - Women in Blockchain, CryptoChicks, Mastercard, Binance და მრავალი სხვა. ასევე, ეს კომპანიები აქტიურად ცდილობენ უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც ქალებსაც აქვთ ამ სფეროში წინსვლის და თავის დამკვიდრების უკეთესი შესაძლებლობა.

კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ინდუსტრია არ ცნობს გენდერს და მის განურჩევლად სთავაზობს თანაბარ შესაძლებლობებს ყველას. მე მტკიცედ მჯერა, რომ ქალებს აქვთ საკმაოდ დიდი ასათვისებელი პოტენციალი, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ინდუსტრიის განვითარებასაც. პირადად მეც, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიონალურად, მხარს ვუჭერ ქალების ჩართულობას ქართულ კრიპტო სივრცეში. როგორც საქართველოში ყველაზე დიდი კრიპტობირჟის Cryptal.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ყველაფრის ხელშეწყობას. ამასთან, მივაღწიეთ გენდერულ პარიტეტს ჩვენს თანამშრომლებში და ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ კამპანია #GirlInCrypto - რათა უფრო მეტ ადამიანს მოვუყვეთ ბლოკჩეინისა და კრიპტო ინდუსტრიაში წარმატებული ქართველი ქალების შესახებ.

შეჯამებისთვის, ქალების ინდუსტრიაში ნაკლებად წარმოჩენის ნარატივს მნიშვნელოვნად ებრძვის ის ძალისხმევა და აქტივობები, რომლებიც აქტიურად შეინიშნება ბოლო პერიოდში. ამ წინსვლის გაცნობიერებითა და უფრო ღია გარემოს შექმნით, რეალურად შეგვიძლია კრიპტო ინდუსტრიის გაცილებით დიდი პოტენციალის რეალიზაცია!