თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა. სახელმწიფო ბრალდებამ გასულ სხდომაზე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
დღეს, სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, რომელთა შორისაა, ჩანაწერი, რომელშიც ბაჩიაშვილის მტკიცებით თავად და ივანიშვილი საუბრობენ.
„დღეიდან ვიწყებთ უკვე ჩვენი, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას, ასევე მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს ჩვენი პირველი მოწმე ლატვიის მოქალაქე იქნება, რომელიც ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ჩემთან ბიზნეს ურთიერთობა და მზად იყო სესხი გამოეყო ამ პროექტის დასაფინანსებლად. მან მცირე სესხი გამოყო ჩემი კაპიტალის შევსების ნაწილში. სანამ ივანიშვილთან მივიდოდი, მოვიძიე გარედან სხვა დაფინანსების წყაროები, მათ შორის მივმართე ერთ-ერთ ჩემს მეგობარს და პარტნიორს დაფინანსებაზე, მან გამომიყო დაფინანსება გარკვეული პირობებით, შემდეგ მივედი ივანიშვილთან, ბანკის პირობები უკეთესი აღმოჩნდა საპროცენტო განაკვეთი და ამ დაფინანსების დიდი ნაწილი წამოვიღე „ქართუ ბანკიდან“, ხოლო მცირე ნაწილი, ნახევარი მილიონის ოდენობით მაინც ვისესხე და წამოვიღე ჩემი პარტნიორისგან. ის ინფორმირებული იყო, რომ „ქართუ ბანკიდან“ სესხის გზით წავედი, თუმცა პირადად ამის შემსწრე არ ყოფილა.
ჩემი დამატებითი მტკიცებულებები არის აუდიო ჩანაწერი და გერმანელი ექსპერტების დასკვნა. დასკვნა უკვე ჩამოვიდა, დღეს წარვუდგენთ სასამართლოს. სასამართლოს სხდომის შემდეგ ვისაუბრებ ამ დასკვნის შედეგებზე“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
სასამართლო პროცესებზე უკვე დაიკითხნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.