მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„კრისტალი“ მომავალ წელს სესხების გაიაფებას პროგნოზირებს

არჩილ ბაკურაძე

ბიზნესისთვის იაფი ფინანსური რესურსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მიკრობანკი მუშაობს იმაზე, რომ მომხმარებელს უფრო მსუბუქი პირობები შესთავაზოს - ამის შესახებ მიკრობანკ "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არჩილ ბაკურაძე აცხადებს.

მისი თქმით, “კრისტალის” სტრატეგია სესხებთან მიმართებით, ზომიერი განაკვეთებია და როგორც კი, დეპოზიტების პორტფელი მიკრობანკს საშუალებას მისცემს, სესხებზე განაკვეთები შემცირდება.

„სესხები აუცილებლად უნდა გაიაფდეს. გაიაფება არის თვისობრივად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ბიზნესისთვის. როცა სესხი იაფია, ბიზნესი უფრო გაბედული იქნება მიიღოს ეს რესურსები. როგორც კი მოგვეცემა საშუალება, მაშინვე შევმსუბუქდებით მცირე და საშუალო სექტორის მიმართულებით, რომელიც, საკმაოდ საჭიროებს ფინანსურ შუამავლობას და მხარდაჭერას“, - ამბობს ბაკურაძე.

რაც შეეხება დეპოზიტებს, მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ „კრისტალი“ ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს მომხმარებელს: „დეპოზიტების ნაწილში, აშკარად ვუწევთ კონკურენციას ბანკებს. გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო განაკვეთები და მრავალფეროვანი საინვესტიციო პროდუქტები, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეადაროს და მიიღოს გადაწყვეტილება“.

მისივე თქმით, “კრისტალის“, როგორც მიკრობანკის პირველი წელი თვისობრივი ზრდისა და ახალი როლის დამკვიდრების პერიოდი იყო - ბანკმა წარმატებით მოახერხა დეპოზიტების მოზიდვა და ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესება.

„ეს წელი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ, რომ ზოგადად, ბაზარი გაიზარდა, „კრისტალიც“ გაიზარდა. ჩვენ თვისობრივად გავიზარდეთ, გამოვუშვით ახალი პროდუქტები და შევედით სრულიად ახალ როლში, რომელიც არის საბანკო დაწესებულება. აღსანიშნავია ის, რომ მოვიზიდეთ საკმაოდ დიდი მოცულობის დეპოზიტები და სხვა საბანკო პროდუქტები. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეულად გააიაფა ჩვენი სახსრების ღირებულება და მოხდა მისი დივერსიფიკაცია, რაც ზოგადად აუმჯობესებს ნდობას ინსტიტუტის მიმართ და აუმჯობესებს ჩვენს ფინანსურ პარამეტრებს“, - აცხადებს არჩილ ბაკურაძე.

მიუხედავად ბანკის სტატუსისა, მისივე თქმით, „კრისტალი“ კვლავ ინარჩუნებს თავის ნიშურ ბაზარს და ფოკუსირებულია მიკროსაფინანსო სექტორზე, სადაც კონკურენცია სულ უფრო მზარდია.

“მიუხედავად იმისა, რომ ვართ ბანკი, ჩვენ არ დაგვიტოვებია ეს გარკვეულწილად ნიშური ბაზარი, სადაც სულ რამდენიმე მოთამაშე არის წარმოდგენილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ეროვნული ბანკის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს კეთილსინდისიერი კონკურენცია და მოახდინოს ამ ბაზრის ისეთი რეგულაცია, რომელიც საბოლოო ჯამში, აქციონერების, ასევე მომხმარებლების დაცვას უზრუნველყოფს”, - ამბობს არჩილ ბაკურაძე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მიკრობანკად გარდაქმნამდე "კრისტალს" 1 წელი უსრულდება. ამ ეტაპზე ბაზარზე ორი მიკრობანკი ოპერირებს - კრისტალი” და MBC. მიკრობანკებს უფლება აქვთ ერთ მსესხებელზე მილიონი ლარის ფარგლებში სესხი გასცენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები