საერთაშორისო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ცენტრმა“ (MFC) ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ გაერთიანების აქტიური წევრობისთვის საპატიო ჯილდო გადასცა. ჯილდოს გადაცემა სპეციალურ ღონისძიებაზე შედგა, რომელიც 24-25 მაისს, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, „მიკროსაფინანსო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
„მიკროსაფინანსო ცენტრი“ ერთ-ერთი გამოცდილი, მაღალი სანდოობისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო გაერთიანებაა. იგი 114 ორგანიზაციას, მათ შორის ევროპისა და ცენტრალური აზიის 77 საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს. ყველა მათგანი ჯამში დაახლოებით 2 მილიონ დაბალშემოსავლიან მომხმარებელს ემსახურება. „კრისტალი“ რამდენიმე წლის წინ შეუერთდა გაერთიანებას და ამ დღიდან მის საქმიანობაში ინტენსიურადაა ჩართული.
„მიკროსაფინანსო ცენტრის“ ორგანიზებით მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე 25-ედ გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც საფინანსო სექტორში მომუშავე პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების კარგი შესაძლებლობაა, „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია და ფონდების მოძიებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგა ბაღიშვილიც ესწრებოდნენ. მათ საერთაშორისო პარტნიორებს კრისტალში მიმდინარე პროცესები, სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს. წლევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაბანკების და გაციფრულების პროცესებზე გაკეთდა და „კრისტალის“ წარმომადგენლების მიმართ ძირითადი ინტერესიც სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა 5 თემატური პანელი, რომლებშიც კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია მონაწილეობდნენ. პანელურ შეხვედრაზე არჩილ ბაკურაძემ მიკროსაფინანსო ინსტიტუტის ბანკად ტრანსფორმაციის შესახებ დამსწრეებს „კრისტალის“ გამოცდილება გაუზიარა, ხოლო ილია რევიამ საფინანსო სექტორში გაციფრულებასა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებას 37 ქვეყნიდან 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფინანსური ინსტიტუტების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლები და ექსპერტები ფინანსურ საკითხებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
(რ)