მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრისტოფერ ნოლანი ამერიკის რეჟისორთა გილდიის ხელმძღვანელად აირჩიეს

კრისტოფერ ნოლანი

ამერიკის რეჟისორთა გილდიის ხელმძღვანელად კრისტოფერ ნოლანი აირჩიეს - ამის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზაციამ გაავრცელა. ოსკაროსანი რეჟისორის თქმით, ეს მისი კარიერის განმავლობაში "ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივია".

გილდია ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში და მის გარეთ 19 500-მდე კინო და სატელევიზიო რეჟისორის ინტერესებს იცავს და ყოველწლიურად რეჟისორთა გილდიის დაჯილდოებას მართავს.

"ჩვენი ინდუსტრია უზარმაზარ ცვლილებას განიცდის. მადლობას ვუხდი გილდიის წევრებს ამ საპასუხისმგებლო პოზიციის ნდობისთვის", - განაცხადა "ოპენჰაიმერის" რეჟისორმა.

ნოლანის ბოლო ფილმმა, ოპენჰაიმერმა, გლობლურად $967 მილიონი გამოიმუშავა და მასობრივ აუდიტორიაში ფართო მასშტაბიანი ფილმების მიმართ ინტერესი კვლავ დააბრუნა მაშინ, როცა ეს ფორმატი დიდი ხანია, კინოინდუსტრიაში აქტიურად აღარ გამოიყენება.

ნოლანი გილდიის პრეზიდენტობის პოსტზე ლესლი ლინკა გლატერს ჩაანაცვლებს, რომელიც ორგანიზაციას 4 წლის განმავლობაში, მათ შორის 2023 წლის მასშტაბური გაფიცვების დროს ხელმძღვანელობდა.

"კინორეჟისორთა გილდიის" სახელით ორგანიზაცია 1936 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე ისეთი სახეები ინიშნებოდნენ, როგორებიც ფრენკ კაპრა, ჯორჯ სტივენსი, რობერტ ვაისი და მარტა კულიჯი არიან. ნოლანი გილდიის წევრი 2001 წლიდანაა, ორგანიზაციის ეროვნული ბორდისა და დასავლელ რეჟისორთა საბჭოს შემადგენლობაში კი 2015 წლიდან ირიცხება. ამასთან, იგი გილდიის ხელოვნური ინტელექტისა და თეატრალური კრეატიული უფლებების კომიტეტებს ხელმძღვანელობდა. 2024 წელს ნოლნმა მიიღო გილდიის დაჯილდოების უმაღლესი ჯილდო, რომლისთვისაც გასულ წლებში ნომინირებული იყო Dunkirk-ით, Inception-ით, The Dark Knight-ითა და Momento-თი.

კრისტოფერ ნოლანის მომდევნო ფილმი, ჰომეროსის "ოდისეის" ადაპტაცია კინოთეატრებში 2026 წლის 17 ივლისს გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები