BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარების ფონზე უფრო მოწყვლადი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები არიან, თუმცა საბოლოოდ, თუ არსებული ვითარება გაგრძელდება, გამოწვევები შეექმნება მსხვილ ბიზნესსაც, რომელსაც უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების მომსახურება შეიძლება გაუჭირდეს. მან ამის შესახებ BMG-ს, Freebusiness.ge-ს კონფერენციაზე განუცხადა.
ზურაბ ლალაზაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ კრიზისის განმუხტვის გზად ახალი არჩევნები მიაჩნია.
"განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც ეკონომიკის მამოძრავებელია, ესაა უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული საქონლით თუ მომსახურებით ვაჭრობა, რასაც ვუყურებთ და თავად დეველოპერები ამბობენ, კლებაა. ასევე სხვა, უფრო მეტად ისეთ სექტორებში, რომლებიც პირველადი მოხმარების არაა, უფრო მეტად იქ იგრძნობა კლება, ტურიზმის სექტორში... მოხმარების კლება ეკონომიკას ანელებს. ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ახდენს გავლენას და ეს ყველაფერი თუ გაგრძელდა, რაც ცალსახაა, გარდაუვლად მიგვიყვანს ეკონომიკურ კრიზისამდე. თუმცა ეს მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი არაა, აქ ძალიან დიდი სოციალური ფაქტორია და საბოლოო ჯამში, რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს, რთული სათქმელია.
ყველა კრიზისს სჭირდება რაღაც ტიპის განმუხტვა. როდესაც Freebusiness.ge-ს შევუერთდით, მიგვაჩნდა, რომ განმუხტვის ერთადერთი საშუალება იყო ახალი არჩევნები და სხვათა შორის, არ მოგვისმენია სხვა ალტერნატიული აზრი არავისგან, რა შეიძლება იყოს არჩევნების გარდა განმუხტვის საშუალება. სწორედ ასეთი შეხვედრები ეხმარება, შეიძლება გაჩნდეს რაღაც ალტერნატიული მიდგომა, მოსაზრება. ჩემს პირად აზრად რჩება ის, რომ განმუხტვის ერთადერთი რეალური საშუალება არის არჩევნები",- განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
დღეს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. მისი თემაა "არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები".