ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა კონფლიქტმა და გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ გლობალურ საავიაციო სექტორში სერიოზული რყევები გამოიწვია. დღეს მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა: საავიაციო საწვავზე ფასი, ფაქტობრივად, გაორმაგდა, რამაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია ავიაკომპანიების მხრიდან ბილეთების მკვეთრი გაძვირება და მთელი რიგი მიმართულებებით რეისების გაუქმება. ბუნებრივია, ეს კრიზისი პირდაპირ აისახა ქართულ ტურისტულ სექტორზეც და მოგზაურებზე. ტურისტულ კომპანია "ვოიაჟერ 365"-ში აცხადებენ, რომ საჰაერო მიმოსვლაში არსებული შეფერხებების გამო, 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის დატვირთვა წლიურად დაახლოებით 50%-ით შემცირდა. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ზამთრის სეზონზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნის მქონე მიმართულებები - აზია, დუბაი და კატარი. ისეთი მსხვილი ავიაკომპანიების ფრენების შეჩერებამ, როგორიცაა FlyDubai და Qatar Airways, ფაქტობრივად გააჩერა მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ბალის, მალდივებისა თუ იაპონიის მიმართულებით მომხმარებლის ინტერესი არსებობდა, რეისების გაუქმების ან რთული, ალტერნატიული და ბევრად ძვირი მარშრუტების გამო, მოთხოვნა მინიმალურ ნიშნულამდე დავიდა.
რა მდგომარეობაა ახლა ბაზარზე, როგორ უმკლავდება ტურისტული სექტორი გლობალურ გამოწვევებს და რა უნდა იცოდნენ მოგზაურებმა?
სტუმარი: გვანცა გოცირიძე - VOYAGER365, დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად


































