სუპერმარკეტების ინდუსტრიაში დაფიქსირებული უმსხვილესი გარიგება, რომელიც ამერიკული Kroger-ის მიერ Albertsons-ის შესყიდვას უკავშირდება, შესაძლოა, ჩაიშალოს.
გარიგების მოცულობა 25 მილიარდი დოლარია და ის მიმდინარე წლის ერთ-ერთი უდიდესი ტრანზაქცია უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა უკვე მისი წარმატებით დასრულების საკითხი ეჭვის ქვეშ დგას.
საქმე ისაა, რომ გარიგების საკითხის შესწავლა აშშ-ის სასამართლომ დაიწყო, რომელმაც რამდენიმე თვით პროცესის დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლის განმარტებით, გარიგება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის მაღალ რისკს შეიცავს, ამიტომ საკითხის შესასწავლად მეტი დროა საჭირო.
თუკი გარიგება ჩაიშლება, ეს ორივე კომპანიისათვის ზიანის მომტანი იქნება, რადგან მათი აქციების ღირებულებაში უკვე ასახულია გარიგების წარმატებით დასრულების მოლოდინი და თან ინვესტორები ამ შერწყმაზე დიდ იმედებს ამყარებენ.
აქვე, გარიგებაში ჩართული მხარეების შესახებაც გეტყვით, Kroger-ის კაპიტალიზაცია 39 მილიარდ დოლარს აჭარბებს და სუპერმარკეტების ბაზარზე ის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. რაც შეეხება Albertsons-ს, მისი საბაზრო შეფასება $12 მილიარდია და ის 2,500-მდე სუპერმარკეტს ფლობს.