მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი - ხელოვანები რუსთაველის თეატრთან და ეროვნულ გალერეასთან შეიკრიბნენ

რუსთაველი

კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, რეჟისორები და სტუდენტები, რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მათი ნაწილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტთან მივიდა, სადაც რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. მსახიობები აცხადებდნენ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სოლიდარობის დადასტურება დაკავებულების, მათ შორის, მსახიობების მიმართ, მნიშვნელოვანია.

თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილები რექტორისგან იმ კადრების შეფასებას მოითხოვდნენ, რის საფუძველზეც გუშინ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მარშით გადაინაცვლეს სახელმწიფო თეატრებისკენ.

პარალელურად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების აქცია ეროვნულ გალერეასთან დაიწყო. მათ გააპროტესტეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ძალადობრივად დარბეული პროევროპული აქციები.

საპროტესტო დემონსტრაციის მიმდინარეობისას უცნობი პირი თავს დაესხა "პუბლიკას" ფოტოგრაფს, მინდია გაბაძეს. მისი თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მას მიუახლოვდა ადამიანი, რომელმაც, რამდენიმე პირთან ერთად, ფიზიკურად იძალადა.

"ცისფერ გალერეასთან ამოვიდნენ აქტივისტები, სადაც მხატვრების პროტესტი გრძელდებოდა, რა დროსაც უბრალოდ გვერდზე გამოვედი მასალების ასატვირთად, რა დროსაც ვიღაც მომიახლოვდა, საეჭვოდ, ძალიან ახლოს მოვიდა, მეც შევხედე, "რას მიყურებო" და ძალიან ძლიერად დამარტყა მუშტი..." - ამბობს გაბაძე. მისი თქმით, შემდეგ მას რამდენიმე პირი ურტყამდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც, თუმცა მინდია გაბაძეზე თავდამსხმელმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები