მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? - მერიის პასუხი

6492b6386380e
სალომე ხიდურელი
21.06.23 12:40
17411
„რუსთაველის გამზირი ურთულეს მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები“, - ამის შესახებ მედიას თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში გამზირების რეაბილიტაციის პროექტები გეგმის მიხედვით მიდის და რუსთაველზე სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება.

„ვინც მაგ მიმართულებით გადაადგილდება, უკვე ნათლად ხედავს, რა მდგომარეობაშია ასფალტის საფარი, ტროტუარები არის მოსაწესრიგებელი, უამრავი საჰაერო სადენებია, რომელიც ვიზუალურად ძალიან ამახინჯებს ტერიტორიას.

თუმცა გამზირების რეაბილიტაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ერთდროულად შეუძლებელია ყველა პროექტის დაწყება ფინანსებიდან გამომდინარე. წერეთელთან ერთად რომ დაგვეწყო რუსთაველის და, პირობითად, ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია, სრული სატრანსპორტო კოლაფსი გვექნებოდა ქალაქში. ამიტომ ყველა ეს პროექტი ხორციელდება გეგმის მიხედვით. მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ რუსთაველი“, - ამბობს ირაკლი ბენდელიანი.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ დააანონსა: „მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ამის გამო კონკრეტულ ადგილებში მიწა ჩავარდა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირსაც სრულ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები