მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურული ღონისძიებები და საგაზაფხულო სეზონის გახსნა წინანდლის მამულში

კულტურული ღონისძიებები და საგაზაფხულოსეზონის გახსნა წინანდლის მამულში
15.04.24 12:22
294

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგაზაფხულო სეზონი კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა. გამოფენილი ნამუშევრები წარმოადგენს მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტივას 1910-იანი წლების კუბო-ფუტურისტული კომპოზიციებიდან 1960-იან წლებში შესრულებულ პეიზაჟებამდე.

კირილ ზდანევიჩი (1892-1969), ქართველი მოდერნისტი გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, ე.წ. კუბო-ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართულ სახვით ხელოვნებაში მოდერნისტული მიმართულების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

კირილ ზდანევიჩის ნამუშევრების გამოფენის გახსნა მორიგი მნიშვნელოვანი მოვლენაა წინანდლის მამულის კულტურულ ცხოვრებაში. სიმბოლურია, რომ გამოფენის გახსნის დღეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ხელიმოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს სამხატვრო აკადემიასა და სილქ როუდ ჯგუფს შორის, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, ასევე ხელოვნების პოპულარიზაციისთვის ერთობლივი ღონისძიებების მოწყობას, აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკა/სტაჟირების ხელშეწყობას და სხვ.

„თავიდანვე, როდესაც წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციას მოვკიდეთ ხელი, გვინდოდა, რომ ამ ადგილის კულტურული ტრადიცია აღგვედგინა და საერთაშორისო მნიშვნელობის განათლების და ხელოვნების ცენტრად გვექცია. წლების განმავლობაში წინანდალში უწყვეტად იმართება მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. დავაარსეთ წინანდლის ფესტივალი, ვაწყობთ დიდი ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოფენებს, 1 მაისს ვუმასპინძლებთ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპულ კონცერტს. სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შემატებს წინანდლის კომპლექსის საქმიანობას. - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.

„ძალიან ბედნიერი ვარ დღეს რომ ვიმყოფებით ამ ისტორიულ მამულში და ხელს ვაწერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალგაზრდების ხელშეწყობას ემსახურება. აქ ერთმანეთს ხვდება ისტორია და მომავალი. მე მჯერა რომ ეს არის შესანაშნავი დასაწყისი უამრავი იდეის განსახორციელებლად, რომელიც ახალგაზრდებიდან მოდის და სიმბოლურია, რომ ეს თანამშრომლობა ამ მუზეიმში იწყება კირილ ზდანევიჩის არაჩვეულებრივი გამოფენის გახსნით.“ - ყარამან ქუთათელაძე - სამხატვრო აკადემიის რექტორი - კირილ ზდანევიჩის შთამომავალი.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილია კირილ ზდანევიჩის ნამუშევრები გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან. გამოფენის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.

ამავე დღეს, წინანდლის მამულში შეხვედრა გაიმართა აკა მორჩილაძესთან. თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი მკითხველს შეხვდა და ალექსანდრე ჭავჭავაძის პერიოდის საქართველოზე ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები