მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კუმპიტო" ექსპორტზე 5 ქვეყანაში გავა - როგორია კომპანიის გეგმები?

კუმპიტო

ქართული ხელნაკეთი საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდი „კუმპიტო“ ექსპორტზე 5 ქვეყანაში გავა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო გუნიამ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კომპანიამ საუდის არაბეთთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 5 ქვეყანაში პროდუქციას „კუმპიტოს“ ბრენდის ქვეშ გაყიდის. ასევე, ბრენდინგსაც უზრუნველყოფს.

„წელს საექსპორტო მიმართულებით ძალიან წარმატებული წელი გვქონდა. საუდის არაბეთში 10 წლიანი კონტრაქტი დავდეთ, რომელიც 5 ქვეყანაში ჩვენი პროდუქციის ექსპორტს მოახდენს, ჩვენივე სახელით და ამ 5 ქვეყანაში ბრენდინგის უზრუნველყოფს. ახლა ვმუშაობთ ამ საკითხზე. პირველი შეკვეთა უკვე გავაკეთეთ. ეს იყო ჩვენი პირველი მსხვილი შეკვეთა. სრული ასორტიმენტი წაიღეს, დიდი რაოდენობით და შესაბამისად, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდება შეკვეთის გაფორმება. თავდაპირველად უვადო კონტრაქტის დადება სურდათ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პირველი კონტრაქტია, თავი შევიკავეთ და 10 წლიან კონტრაქტზე შევჯერდით. ეს კონტრაქტი ჩემი ბიზნესის სტაბილურობას ნიშნავს.

ჩვენი პროდუქცია არ არის იაფი, რადგან მზადდება ნატურალური პროდუქტით. ცოცხალი ნედლეულის შენარჩუნება ძალიან რთულია და მაღალი ხარისხის ზეთებს საჭიროებს, შესაბამისად, ნაწარმს ხელმისაწვდომი ფასი არ აქვს. 100 გრამი საპონის მინიმალური ღირებულება 22-25 ლარს შეადგენს, რაც ვფიქრობ საპნისთვის იაფი არ არის. მაგრამ, ძალიან მიხარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ ნატურალურ პროდუქციას და ესმით ეს საქმე, მიფასებენ და მეუბნებიან, რომ ძვირი არ არის. რა ვიცი, ექსპორტზე ამ ფასად გავუშვი და სავარაუდოდ, რეალიზატორმა სამჯერ მეტი ფასი უნდა დაადოს“,-აცხადებს გუნია.

კომპანიის დამფუძნებელს „კუმპიტოს“ სამომავლო გეგმებზე საუბარი ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამო უჭირს. მისი თქმით, საუდის არაბეთთან დადებული კონტრაქტი საკმაოდ დიდი პროექტია, შესაბამისად, ამ ეტაპზე კიდევ ახალ ბაზრებთან მოლაპარაკება რთული იქნება, რადგან საწარმო არ აქვს. თუმცა, თუ იქნება საინტერესო შემოთავაზება, რომელიც გაფართოებას მოითხოვს, ამის შემდეგ კიდევ ზრდა და ბიზნესის საწარმო - ქარხანად გადაკეთება შეიძლება.

ინფორმაციისთვის, „კუმპიტო“ ქართული ხელნაკეთი საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. მომხმარებელს კომპანია ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებულ თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია ამჟამად "ბაზარი ორბელიანზე" და სავაჭრო ცენტრში "გალერია თბილისია" წარმოდგენილი. ამასთან, პროდუქციის რეალიზაციას სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვების საშუალებით ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები