მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტის მხოლოდ ნაწილია შესრულებული, ვგეგმავთ სამომავლო სამუშაოებს - მინისტრი

რევაზ სოხაძე

"აბასთუმანის განვითარებისთვის გასაკეთებელი საქმის მხოლოდ ნაწილია შესრულებული და ვგეგმავთ სამომავლოდ შესასრულებელ სამუშაოებს. რამდენიმე კვირაში ზუსტად ჩამოვაყალიბებთ, თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს პერიოდში და უკვე დავიწყებთ აქტიურ მუშაობას,"- ამის შესახებ ინფრასტრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმნის ინფრასტრუქტუტული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, წარსულში როგორც ახალი ინფრასტრუქტურის, ასევე ახალი სასტუმროების გახსნის თარიღად 2025 წლის ზაფხული სახელდებოდა, თუმცა, ამჟამად კურორტზე ძირითადი სამუშაოების დასრულება სავარაუდოდ მომდევნო წლის ზაფხულის სეზონისთვის განიხილება.

სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.

ასევე, დაბის შესასვლელში შენდება ავტოსადგური და ელექტრო დამტენებისთვის გათვლილი ღია ავტოსადგომი. ასევე, გრძელდება რეკრეაციული ტყე-პარკის სახანძრო უსაფრთხოებისთვის წყალსაცავისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და ისტორიულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც ითვალისწინებს ფასადის პირვანდელი იერსახით აღდგენას.

დაწყებულია პარკთან არსებული მოზაიკის კედლის რესტავრაცია და იწყება ასათიანის ქუჩის 400 მეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.

2024 წელს განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და ელექტრო-საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი.

გასულ წელს, აბასთუმნის ობსერვატორიაში დამონტაჟდა ახალი გუმბათი და ტელესკოპი. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა სპეციალურად აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადეს.

ამასთან, აბასთუმანში აშენდა 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები