მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კურორტ გუდაურის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა“ - რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?

დაიცავი მთის კურორტები

არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებლის გიორგი სალუქვაძის განცხადებით, კურორტს გუდაურის რეიტინგი კატასტროფულად მცირდება, რასაც არა სამთო კურორტზე არსებული „მაღალი“ ფასები, არამედ იქ შექმნილი ვითარება განაპირობებს. ამის შესახებ სალუქვაძე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ორგანიზაციის დამფუძნებელი თვლის, რომ გუდაურში სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ფასებს სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს და ყურადღების გამახვილება კურორტზე არსებულ სხვა საკითხებზე უფრო მართებული იქნება.

„დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა გუდაურში HoReCa ბიზნესში არსებულ ფასებს. სანამ კონკრეტიკაზე გადავალ ვიტყვი, რომ კვლავაც მცდარ საკითხზე ვამახვილებთ ყურადღებას. თავისუფალი ბაზრის პირობებში ფასებზე კამათი, სადაც ფასები მოთხოვნა-მიწოდების მეშვეობით დგინდება, დიდი შეცდომაა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სურსათზე და ალკოჰოლურ სასმელებზე 20%-ით, ხოლო სერვისის სფეროში დაქირავებულთა ანაზღაურება საშუალოდ 40%-ით არის გაზრდილი.

ამას ემატება ლოგისტიკა და საწვავი, რომელიც საშუალოდ 30%-ით არის გაზრდილი.

მოთხოვნა-მიწოდების პირობებში ვერავინ ვერ ჩაერევა, მათ შორის ვერც სახელმწიფო.

ამ თემაზე დისკუსია ფუჭი დროის კარგვაა, როდესაც კურორტ გუდაურის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, უმთავრესად არსებული ქაოსის გამო: ბურანების ქაოტური გადაადგილება (რაც უცხოელი ტურისტისთვის სრულებით დაუშვებელია), შიდა გაუწმენდავი გზების, საცობების, საერთო სივრცეების არარსებობის, პარკინგების არ არსებობის, აუტანელი მუსიკის ღრიალი ყოველ ნაბიჯზე (ამით რომ ჰგონიათ მიიზიდავენ კლიენტს), საშინელი სამშენებლო კანონის და თავგასული დეველოპერების გამო.

იცით, რომ "მთვრალი ალუბლის" წინ, სადაც ერთადერთი საერთო სივრცეა, რომელშიც ადამიანს უფასოდ შეუძლია ჩამოჯდეს, დაისვენოს და ისიამოვნოს ხედით, სადაც ახლა, მსოფლიო თასის შეჯიბრის ფინიში უნდა მოეწყოს, რედკო კორპუსის აშენებას აპირებს?!

ყოველივე ზემოთ თქმულის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და ვაიძულოთ ხელისუფლება იმუშაოს ამ საკითხებზე. დაუბრუნოს გუდაურს Ecosign-ის და “თავისუფალ არქიტექტორების” მიერ შექმნილი გუდაურის განვითარების გეგმა. დაიბრუნოს ის მიწები, სადაც პარკინგები უნდა ყოფილიყო, სადაც საკვანძო საბაგიროებს უნდა გაევლოთ და დღეს გასხვისებულია მშენებლობის ნებართვებით.

ერთადერთი, რაზეც სოციალური ფასი შეგვიძლია მოვითხოვოთ არის საბაგიროების ბილეთები (აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს განსხვავებული ტარიფები), პარკინგების არსებობა და მისი საფასური.

ეს ყველაფერი უნდა გავაპროტესტოთ, თორემ HoReCa ბიზნესი და სხვა დანარჩენებიც, როგორც ცნობილ ზღაპარ “მებადური და ოქროს თევზშია”- ყველას ერთად გაბზარული გომი შეგვრჩება ხელში.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა Mountain Resort Shield • დაიცავი მთის კურორტები მობრძანდით, ჩვენი კარი ღიაა და ერთად ვიმუშაოთ პრობლემურ საკითხებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს გეგა სალუქვაძე.

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ BM.GE „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელს დაუკავშირდა. გეგა სალუქვაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ გუდაურის ტერიტორიის დიდი ნაწილი ერთ დეველოპერულ კომპანიას „რედკოს“ ეკუთვნის, რომელსაც თავისი ტერიტორიების კეთილმოწყობის ვალდებულება აქვს, თუმცა არ ასრულებს.

„მთის ტრასების სააგენტოს ძალიან წარმატებული სამუშაოს ფონზე, შეიქმნა არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა ბაკურიანსა თუ გუდაურში, ორი უახლოესი ტიპის საბაგირო დაემატა გუდაურს, მსოფლიო თასის ეტაპიც ტარდება აქ, სამაშველო სამსახური მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ამ უპასუხისმგებლო დეველოპერების და სხვა დასახელებული მიზეზების გამო, სამწუხაროდ იჩრდილება მათი მოღვაწეობა და ტურისტი მხოლოდ ცუდს ამჩნევენ.

კომპანია „რედკო“ ძალიან დიდ მიწებს ფლობს. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ცენტრალური გზა, რომელსაც მთავარ გონდოლამდე მივყავართ კერძო მფლობელობაშია და სახელმწიფო ვერ ერევა მის საკუთრებაში. ყველა შიდა ქუჩა ეკუთვნის „რედკოს“, ამ ქუჩების წმენდა მისი პრეროგატივაა. აქედან გამოსავალი საკანონმდებლო ცვლილებაა, ან უნდა გამოისყიდო ეს მიწები, რომელიც გუდაურში სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ან უნდა შექმნა მკაცრი რეგულაციები, რომ ნებისმიერ გაუწმენდავ ტერიტორიაზე სერიოზული ჯარიმები დაეკისროს ისეთ დეველოპერს, როგორიც „რედკოა“, რადგან ეს შიდა გზები მისი ტერიტორიაა და გაუწმენდავი გზები ქმნის საცობებს. შეგვიძლია პირდაპირ გერმანული მოდელი გადმოვიღოთ, რომელიც კერძო მეპატრონეების მხრიდან თავისი ტერიტორიების გაწმენდას უზრუნველყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმდება“, - აღნიშნავს გეგა სალუქვაძე.

„დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ მისი დაკვირვებით გუდაურში მიმდინარე ზამთრის სეზონზე დამსვენებელთა რაოდენობა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით განახევრებულია და კურორტს ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები თანაბრად სტუმრობენ. გიორგი სალუქვაძე განმარტავს, რომ კურორტზე დამსვენებლის კლება ძირითადად უკმაყოფილებას უკავშირდება, რომელიც ზემოთ ხსენებული პრობლემების გამო გამტარუნარიანობის შეზღუდვების პირობებში დასვენებისა და სრიალის მოყვარულებს დისკომფორტს უქმნის. ამასთან მისივე ინფორმაციით, ადგილობრივების განთავსებისას ფასების შემცირებას ითხოვენ, რაც აპარტამენტების მფლობელების მხრიდან ღირებულების დაკლება უწევთ, ეს კი მათ მხოლოდ კომუნალური ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები