მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აღარ ჩამოდიან ევროპული ტურისტები ზამთრის კურორტებზე? - გეგა სალუქვაძის შეფასება

გუდაური

ორგანიზაცია “დაიცავი მთის კურორტების” დამფუძნებელი გეგა სალუქვაძე BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ზამთრის განვლილ ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზამთრის კურორტებზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, რასაც ხელი სხვადასხვა ღონისძიებამ შეუწყო.

“სეზონმა დადებითად ჩაიარა, რასაც ხელი ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო. უხვი ნალექი იყო და, სხვათა შორის, დღემდე შეიძლება სრიალი. ასევე საინტერესო და შთამბეჭდავი იყო “მთის ტრასების სააგენტოს” მიერ დაგეგმილი ღონისძიებები - შესანიშნავად იყო ორგანიზებული მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურსა და ბაკურიანში. ყველაფერი ეს კულტურულმა ღონისძიებებმა, მაგალითად, ჯაზფესტივალმა შეავსო, რამაც მთლიანობაში დადებითი დინამიკა შექმნა.

თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ის ტურისტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, წელს მრავლად იყო მთის კურორტებზე. ვიზიტორების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩიოდით. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმრავლობა იყოს, რაც ნამდვილად შექმნა ღონისძიებებმა და ამ ნაწილში კმაყოფილი ვართ”, - აღნიშნავს გეგა სალუქვაძე.

მისი განმარტებით, წარმატებული სეზონის მიუხედავად, ევროპელი ტურისტები საქართველოს ზამთრის კურორტებზე ჩამოსვლისგან თავს იკავებენ, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებით აიხსნება.

“დღემდე ვიკვლევთ ამ საკითხებს, თუ რატომ არ ჩამოდიან ტურისტები - რეგიონში დაძაბულობა, არეულობა და ომები ნამდვილად უწყობს ამას ხელს. უკრაინისა და ისრაელის ომებმა ნამდვილად დააფრთხო ევროპელი ტურისტები.

თუმცა ჯერ კიდევ ვატარებთ კვლევებს და მასშტაბური პრობლემაც გამოიკვეთა - ეს არის განვითარების იმ გეგმის მიტოვება, რომელიც წლების წინ შეიმუშავეს, თუმცა ზედმიწევნით არ შესრულდა და სერიოზულად შეფერხდა - ეს ეხება გზებს, პარკინგის კურორტთან დამაკავშირებელ საბაგიროებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ვერაფერს ვშველით და ვერც ვუშველით, თუ კანადურ გეგმას არ მივყვებით”, - აცხადებს გეგა სალუქვაძე.

მისი განმარტებით, კანადურმა კომპანია “ეკოზაინმა” გუდაურის განვითარების გეგმა 2010-2015 წლებში შეიმუშავა. გეგმის თანახმად, გუდაური საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ოთხი სეზონის კურორტი უნდა გამხდარიყო. სალუქვაძე აღნიშნავს, რომ, გენერალური გეგმის მიხედვით, მცირე ნაბიჯები იდგმება, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება.

“მთავარი პრობლემა და გამოწვევა პარკინგია - კურორტზე რომ ადიხარ და მანქანას ვერ აჩერებ, ეს დიდი დისკომფორტია. პრობლემაა გზები, ინფრასტრუქტურა.. ეს აღარ არის მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ბრალი. გასხვისებულ ტერიტორიებზე მფლობელები არ უვლიან საკუთარ სივრცეებს. არ წმენდენ მათ დაქვემდებარებაში არსებულ გზებს.

არის შიდა გადაადგილების პრობლემებიც. სასტუმროდან საბაგირომდე, კაფემდე თუ აფთიაქამდე თავისუფლად უნდა შეგეძლოთ გადაადგილება და ბავშვის გასეირნება, ამის გამო ყინულები არ უნდა გეცემოდეთ თავში და გზა არ უნდა იყოს მოყინული. ევროპელი კონტაქტები გვეუბნებიან, რომ მდგომარეობა კატასტროფულია, და თუ არ გამოსწორდა, ტურისტებს ამ მიმართულებას ვერც შესთავაზებენ”, - აცხადებს სალუქვაძე.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ “დაიცავი მთის კურორტები” და სხვა ორგანიზაციები პრობლემების მოგვარებასა და პასუხისმგებელ პირებთან მოლაპარაკებებზე უკვე მუშაობს, თუმცა კურორტები, როგორც წესი, ერთი უწყების მართვის ქვეშ არ არიან, რაც პროცესს ართულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები