"2030 წლისთვის, კურორტების განვითარების სააგენტოს ინიციატივით საქართველოში შექმნილი იქნება 40 ახალი კურორტი, სადაც მოწყობილი იქნება ინფრასტრუქტურა, მოზიდული იქნება ინვესტიციები და აშენებული იქნება გამაჯანსაღებელი და ტურისტულ-სპორტული ობიექტები"- ასეთი იყო სანდრო ონოფრიშვილის უწყების მისია, თუმცა როგორც ჩანს ამ პროცესს 2026 წლიდან დამოუკიდებლად ვეღარ გააგრძელებს, რადგან სააგენტო უქმდება და აღნიშნული ორგანიზაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემადგენლობაში გადაინაცვლებს.
აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ დიასამიძე BMG-სთან ამბობს, რომ 2022 წელს აღნიშნული სააგენტოს შექმნის მიზანი გაუგებარი იყო და ამ საქმის შეთავსება თავისუფლად შეეძლო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. მისი თქმით, პრობლემა ზოგადად სტრატეგიის და ხედვის არ არსებობაშია - თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში საკურორტო ზონები. დიასამიძე აცხადებს, რომ კვლევები კეთდება, თუმცა რეალობაში მათი გამოყენება არ ხდება.
“თავის დროზე არასწორად შეიქმნა ეს სააგენტო, არანაირი აუცილებლობა ამის არ იყო. თუკი შეიქმნებოდა და რაღაც კონკრეტულ მიზნებს მოემსახურებოდა, ეს პერიოდი ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ მას დასახული მიზნებისთვის მიეღწია. 300-ზე მეტ საკურორტო ადგილზე იყო ლაპარაკი, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დავალება და კვლევა უნდა გაეკეთებინათ, ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ამ პერიოდში.
მით უმეტეს, რომ ამ კვლევებს ყოველთვის აკეთებდა დაქირავებული კომპანია, ანუ მესამე კომპანიები, საკონსულტაციო და ასე შემდეგ. ამის გაკეთება თვითონ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც ადვილად შეეძლო, დამატებითი სამსახურის შექმნა თავის დროზე საჭირო ამისთვის არ იყო.
რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციის საქმიანობას, მე სიმართლე გითხრათ, ძალიან დეტალებში არ ვიცნობ, მაგრამ ზოგადად რასაც ვიცნობ, რამდენიმე კონფერენცია გააკეთეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფორუმებშიც იღებდნენ მონაწილეობას, უფრო საგანმანათლებლო ფუნქციები შეასრულეს ამ ეტაპზე, რაიმე პრაქტიკული შედეგი ჰქონდა თუ არა მათ მუშაობას, ჩემთვის უცნობია.
კვლევებს რომ გადავხედავთ, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ინფორმაციული და პრაქტიკული გამოყენებისთვისაც გამოსადეგი კვლევები იქნება, მაგრამ ფაქტობრივად კვლევა კვლევად რჩება. ეს ზოგადი ხედვის, სისტემური მიდგომის და სტრატეგიის არ ქონის გამო ხდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი უფროსი მოვა, რაღაც ახალი წესებით თამაში იწყება, მერე მეორე ხელმძღვანელი მოვა სამსახურში და ახალი წესებით გრძელდება თამაში. კვლევა კვლევაზე იდება, 2006 წლიდან რამდენი კვლევაც დაიდო, მაგდენი კვლევა მე მგონი ჩვენს რეგიონში არავის არ ექნება გაკეთებული, შეიძლება მსოფლიოშიც არ ჰქონდეს არავის გაკეთებული, თუმცა წლების წინ რომ პრობლემა იყო, იგივე პრობლემები გადაუჭრელი რჩება,”- ამბობს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ დიასამიძე.




























