დეველოპერული კომპანია "ემ ქეი გრუპი"-ის დამფუძნებლის, მალხაზ კუნელაურის განცხადებით, საქართველოს საკურორტო რეგიონებში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია და ამ ეტაპზე არც მოკლე და არც გრძელვადიან პერიოდში მისი ზრდის ტენდენცია არ იკვეთება.
მეტიც, კუნელაური ამბობს, რომ რუსი მიგრანტების ნაწილმა არსებული ქონების გაყიდვა დაიწყეს, სხვა უცხოელი ინვესტორების მხრიდან არაევროპულ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა კი არაპერსპექტიულია.
„უძრავი ქონების ბაზარზე მატება ან რაიმე ხელშესახები უკეთესობა არ შეინიშნება, პირიქით, კომპანიებისთვის რთული ხდება გაყიდვების წარმოება. ეს განსაკუთრებით ეხება პრემიუმ კლასის დასასვენებელ ობიექტებს, რომელიც საკურორტო რეგიონებშია. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ობიექტები არ წარმოადგენს აუცილებელი საჭიროების ქონებას როგორც ეს შეიძლება იყოს ქალაქში ეკონომკლასის საცხოვრებელი ფართები. ისინი დღემდე გაყიდვების რაღაც მაჩვენებელს სწორედ საჭიროებიდან გამომდინარე ინარჩუნებენ. საპირისპირო ხდება კურორტებზე.
ამის მიზეზია ის, რომ არც ახლო და არც გრძელვადიან პერსპექტივაში არ გვაქვს ნათელი ეკონომიკური გათვლების გარემო, ეს უკავშირდება ქვეყნის საგარეო კურსის და პარტნიორების განწყობებს. როგორც იცით მთელ რიგ ქვეყნებთან არის პრობლემები, რის გამოც ვერც ევროპელ ტურისტს ვეღარ იზიდავ. რაც შეეხება რუსულ სეგმენტს, ომის დაწყების პერიოდში დიდი ნაწილი შემოვიდა, ამ ადამიანებმა იყიდეს ქონება თუმცა, დღეს ეს ნაკადები გაჩერებულია. არათუ ახალს არავინ ყიდულობს, არამედ აქ შესყიდული ქონების გაყიდვა და გასვლა მოხდა ბევრი მათგანის მხრიდან. როგორც ჩანს გრძელვადიან პერსპექტივაში არც მათთვის არის საინტერესო ჩვენთან უძრავ ქონებაში თანხის დაბანდება. ჩვენ არ გვაქვს რაიმე წინსვლა არც უკრაინელებთან მიმართებით და სხვა რა გვრჩება? იყვნენ ირანიდან და ისრაელიდან და ეს კონფლიქტიც ხელის შემშლელი აღმოჩნდა გაყიდვებისთვის.
ჩვენთან არსებული ყველა შეფერხების პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოკლე და გრძელვადიანში არ გაქვს ჩამოყალიბებული სწორი მიმართულება და უცხოელისთვის ბუნდოვანია იმის დანახვა საქართველო 5 წლის მერე რა ქვეყნად უნდა ჩამოყალიბდეს. ამას მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ისეთ ქვეყანაში რომელიც ევროპისკენ არ არის, უძრავი ქონების შესყიდვა საინტერესო და ხელსაყრელი არ არის.“ - აცხადებს მალხაზ კუნელაური.