მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტი "მწერლები" გაფართოებას გეგმავს - ინვესტიცია 5 მლნ დოლარია

5ef36a872bb1f
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.20 10:15
4333
ქვიშხეთში, 15 ივნისიდან, კურორტი "მწერლები" სრული დატვირთვით ამოქმედდა, თუმცა ახალამოქმედებულ 20-ნომრიან სასტუმროს სულ მალე ახალი სივრცეები შეემატება. ამის შესახებ BM.GE-ს "მწერლების" გენერალურმა მენეჯერმა ნანუკა თევზაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დამატებით 40-ნომრიანი კორპუსისა და სპა-ცენტის მოწყობაზე 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და გაფართოებული სასტუმრო გეგმის მიხედვით დამსვენებელს 2021 წლის სექტემბერში მიიღებს.

"ჩვენ სასტუმროს გახსნა სხვანაირად გვქონდა დაგეგმილი, თუმცა გეგმები შეგვეცვალა. პირველ ეტაპზე, სექტემბერში მზად იქნება და ამოქმედდება რესტორანი და ღონისძიებების დარბაზი. როგორც კი ეს ნაწილი დასრულდება ინტენსიურად გადავალთ დამატებითი 40-ნომრიანი სასტუმროს შენობის მშენებლობაზე, სადაც განთავსებული იქნება შიდა აუზი და სპა ცენტრი. სავარაუდოდ ახალ სივრცეში სტუმრების მიღებას 2021 წლის სექტემბრისთვის შევძლებთ.

ამ ეტაპზე სასტუმროში 40-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 25 ადამიანით გაიზრდება", - განაცხადა ნანუკა თევზაძემ.

ასევე, სასტუმროს ხელმძღვანელს შეტანილი აქვს განაცხადი ეკო სტატუსის მინიჭებაზე.

"ძალიან მალე ჩვენს სასტუმროს ეკო სტატუსი მიენიჭება, რაც გულისხმობს საერთაშორისო ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობას. სხვადასხვა კომპონენტების დაკმაყოფილებით, როგორიც არის ბუნებრივი საშენი მასალა, ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული, ორგანული ნივთიერებისგან დამზდებული აბაზანის აქსესუარები. ჩვენ გვაქვს ჩვენი მეურნეობა, საიდანაც სასტუმრო ყველა სახის ბოსტნეულით, თუ ხორცეულით მარაგდება და ამასთან ჩვენ გვაქვს საკუთარი წყალი.

განაცხადი უკვე გაკეთებული გვაქვს და შესაბამისი აუდიტის ჯგუფი ფრენების აღდგენის შემდეგ ჩამოვა და შეამოწმებს ამ კომპონენტებს", - აღნიშნა "მწერლების" ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები