მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქუთაისი, როგორც ტურისტული მიმართულება, ჯერჯერობით ახალგაზრდაა“ – ჰოსტელი „შავი პომიდორი“

6481b8c2af877
სალომე ხიდურელი
08.06.23 20:32
764
ტურისტული ობიექტი „შავი პომიდორი“, რომელმაც ოპერირება 2019 წელს დაიწყო, 2-წლიანი პაუზის შემდეგ სტუმრების მიღებას ახალი მისამართიდან გააგრძელებს. ამის შესახებ BM.GE-ს ჰოსტელის თანადამფუძნებელმა მარიამ რამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ქუთაისში განახლებულ ობიექტს უფრო მეტი ადამიანის განთავსების რესურსი ექნება.

„ჰოსტელი პირველად 2019 წელს გავხსენით და 1.5 წელი საკმაოდ წარმატებით ვამუშავეთ, თუმცა პანდემიის პირობებში ოპერირების გაგრძელება ვერ შევძელით და იჯარით აღებული შენობა დავხურეთ. ამ შენობაში საკმაოდ აქტიური მუშაობა გვქონდა, ყოველთვის სრულად ვიყავით დაჯავშნილები და გაფართოება სულ გვინდოდა - პანდემიამ ამაზე კონცენტრირების საშუალება მოგვცა.

ვიყიდეთ ახალი, უფრო დიდი სახლი, რომელსაც აქამდე ვარემონტებდით და ივნისის ბოლოს უკვე ოფიციალურად გავხსნით განახლებულ „შავ პომიდორს“, რომელიც 40-მდე ადამიანს დაიტევს. ამავე დროს დაიწყებს ფუნქციონირებას ჩვენი რესტორანიც, "შავი პომიდორი სამზარეულო", რომელიც არა მხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს“, - ამბობს მარიამ რამიშვილი.

როგორც ჰოსტელის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, „შავი პომიდვრის“ მთავარი სეგმენტი ევროპის იმ ქალაქებიდან ჩამოსული ტურისტები არიან, საიდანაც WizzAir-ი საქართველოში პირდაპირ ფრენებს ახორციელებს, თუმცა, სასტუმროს გაფართოებასთან ერთად ჯგუფური ჯავშნებისა და ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის პერსპექტივაც გაჩნდა.

მარიამ რამიშვილს ქუთაისში ჰოსტელის მართვის სირთულეებზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამუშაო კადრების დეფიციტია.

„ქუთაისში განსაკუთრებით არის კადრების პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ აქედან აქტიურად მიდიან ახალგაზრდები თბილისში და, უფრო მეტად, ევროპაში, სამუშაოდ. ეს პროცესი მარტივი არ არის, თუმცა ერთხელ უკვე შევძელით კარგი გუნდის დაკომპლექტება და იმედი გვაქვს, ისევ გამოგვივა.

ქუთაისი, როგორც ტურისტული ადგილი, ჯერ მაინც ახალგაზრდაა, თუმცა პოტენციალი უზარმაზარია, იმიტომ რომ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქია და სანახავი ძალიან ბევრია. მაგრამ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. ხშირად არის გზების პრობლემა, ასევე წყლის პრობლემა. ბევრ ობიექტს უწევს, რომ ეს საკითხები დამოუკიდებლად მოაგვაროს. ჩვენ თვითონაც მოგვიწია ისეთი სისტემების დაყენება, რაც, წესით, ისედაც უნდა ყოფილიყო“, - ამბობს მარიამ რამიშვილი.

რაც შეეხება ჰოსტელში განთავსების ფასს, ის სეზონისა და ნომრის ტიპის მიხედვით განსხვავდება. როგორც „შავი პომიდვრის“ დამფუძნებელი ამბობს, კერძო ნომრის ღირებულება 100-დან 200 ლარის ფარგლებში იქნება, საერთო ოთახში ერთი საწოლი კი 20-დან 40-ლარამდე ეღირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები