კურორტ ნუნისში მდებარე განთავსების ობიექტის Nunisi Forest Hotel and Spa-ს თანადამფუძნებლის, ირმა დაუშვილის განცხადებით, კურორტზე დამსვენებელთა უმეტესობას კვლავ ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს, ხოლო უცხოელი ვიზიტორების წილი დაახლოებით 30%-ია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, წლების განმავლობაში კურორტზე დამსვენებელთა გეოგრაფია მნიშვნელოვნად შეიცვალა – თავდაპირველად ნუნისს ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, რაც მის ისტორიულ ცნობადობას უკავშირდება, თუმცა ბოლო წლებში საერთაშორისო ინტერესი გაიზარდა.
„ჩვენ მაინც უფრო ადგილობრივ ბაზარზე ვმუშაობთ – დაახლოებით 70% ადგილობრივი დამსვენებელია, ხოლო 30% ტურისტები. წლების განმავლობაში სტუმართა ქცევაც იცვლებოდა: ადრე ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვსტუმრობდნენ, რადგან ნუნისი საბჭოთა პერიოდში მასშტაბური კურორტი იყო. დღეს უკვე ინტერნეტი და სოციალური მედია გვაძლევს საშუალებას, ჩვენი კურორტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავაცნოთ. გვყავს სტუმრები პოლონეთიდან, გერმანიიდან, გაიზარდა ინტერესი აზიიდანაც. განსაკუთრებით, გამოვყოფდი არაბეთის ქვეყნებსა და შუა აზიას, მათ შორის ყაზახეთს. ევროპელებს კი ნუნისის მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდათ. რაც შეეხება პაკისტანსა და ინდოეთს, ამ ეტაპზე ამ ბაზრებიდან ნაკლები ინტერესი ფიქსირდება“, – აცხადებს დაუშვილი.
მისივე ინფორმაციით, კურორტის მასშტაბი შეზღუდულია და ერთდროულად მხოლოდ 70-100 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი, რაც ასევე განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი მომხმარებელი ჭარბობს.
რაც შეეხება გამოწვევებს, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაუშვილი სეზონურობასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებს. "ზამთარში კურორტი ფაქტობრივად პარალიზებულია - რთულდება მისასვლელი გზაც და გვექმნება ელექტროენერგიის სერიოზული პრობლემები. ცუდი ამინდის დროს ხშირად ითიშება დენი, რაც 21-ე საუკუნეში ბიზნესისთვის სერიოზული დაბრკოლებაა", - ამბობს ის.
ენერგომატარებლების გაძვირება კურორტის ხარჯებზე პირდაპირ აისახება. დაუშვილის თქმით, ელექტროენერგია მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯია, რის გამოც ფასების კორექტირებაც გარდაუვალია. „ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ფასების ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა საბოლოო სურათი მაინც საერთო ეკონომიკურ გარემოზეა დამოკიდებული“, – აღნიშნავს იგი.
ობიექტის წარმომადგენლის განმარტებით, კურორტი სეზონს ტრადიციულად მაისის შუა რიცხვებიდან იწყებს. მიუხედავად ამისა, დაუშვილი ხაზს უსვამს, რომ ნუნისი, როგორც ბიზნესი, ჯერ სრულად მოგებიანი არ არის. „წელიწადში ფაქტობრივად მხოლოდ 3-4 თვე ვმუშაობთ აქტიურად, დანარჩენ პერიოდში კურორტი დაკეტილია. ასეთ პირობებში რთულია, რომ პროექტი სრულად კომერციულად გამართლდეს“, – ამბობს ის.




























