საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდა. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს. როგორც როთი აღნიშნავს, შეხვედრა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შედგა და ისიც არა პარლამენტში, არამედ "ქართული ოცნების" ოფისში. "საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, აქ ერთმანეთის მოსასმენად ვართ. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო. მან პარლამენტის ნაცვლად, "ქართული ოცნების" სათავო ოფისში გვიმასპინძლა", - წერს როთი სოციალურ ქსელში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრა დღეს დილით 11 საათზე დაიწყო და 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს. დღის განმავლობაში აუდიენცია ჩანიშნულია ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც. ჯიმ ობრაიენის პრესკონფერენცია დღეს საღამოს 9-ის ნახევარზეა ჩანიშნული.
რას უნდა ველოდით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რა ეფექტი ექნება ამ პროცესებს საქართველოს სამოქალაქო სექტორზე და რა გზავნილებს უნდა ველოდოთ დღეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან?
სტუმარი: ლევან ნატროშვილი - ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;