მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურსთაშორისი სხვაობის გამო, 450,000 ლარის დანაკარგი გვქონდა - NUTS.GE

609bc657910d1
ინგა მურუსიძე
16.05.21 22:00
977
თხილის მწარმოებელი კომპანია NUTS.GE-ის დამფუძნებლის შეფასებით, დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის რყევები და სესხების საპროცენტო განაკვეთი არის ის მთავარი პრობლემები, რომელიც მათ ბიზნესს აწუხებს. თემაზე საუბრისას მამუკა ბერიაშვილმა bm.ge-ის უთხრა, რომ კურსთაშორისი სხვაობის გამო, კომპანიას, დაახლოებით, 450 000 ლარის დანაკარგი ჰქონდა.

"2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში 9 მილიონი ლარის ბრუნვა გვქონდა. ამ დროის განმავლობაში უარყოფითმა კურსთაშორისმა სხვაობამ 450 ათასი ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ NUTS.GE-ის მოგებას აკლდება 2%. საქმე ისაა, რომ როდესაც კომპანია სხვადასხვა ვალუტაში ვაჭრობს და მოგეხსენებათ, ჩვენ ნედლეულს შევისყიდით ლარში და ვყიდით უცხოურ ვალუტაში, აღნიშნული წარმოშობს კურსთაშორის სხვაობას, რომელიც ხან პლიუსშია, ხან - მინუსში. ეს იმაზეა დამოკიდებული როდის გვაქვს შეძენილი ნედლეული და როდის გავიტანეთ ექსპორტზე. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია, კომპანიას კრედიტები აქვს დოლარსა და ევროში და როდესაც ლარი „ფუჭდება“ და ფაქტია, ძირითადად, უფასურდება, ესეც ემატება კურსთაშორის დანაკარგებს და ჯამში, კომპანიის შემოსავალზე აისახება“, - განმარტა მან.

ბიზნესმენს სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის კარგ მაგალითად თურქეთი მოჰყავს, სადაც მისი თქმით, სახელმწიფო ხელს უწყობს ბიზნესს და ლირაში აღებული სესხი ორჯერ იაფია, ვიდრე საქართველოში - ლარში ნასესხები ფული.

"თურქეთის სახელმწიფო ხელს უწყობს წარმოებას და ლირაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი 5% ან მაქსიმუმ 6%-ია, როცა ჩვენთან ლარში სესხის აღება ნიშნავს წლიურ 11%-12%-ს. საბრუნავი კაპიტალისთვის ლარში სესხების აღება, დაახლოებით, 5%-ად რომ იყოს შესაძლებელი, როგორც დოლარის სესხის შემთხვევაშია, დარგი ერთ წელიწადში მთლიანად ამოისუნთქავს", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ იაფი ფულის რესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მხოლოდ სახელმწიფო მექანიზმებით არის შესაძლებელი.

"პანდემიიდან და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი პრობლემა არის საბრუნავი კაპიტალის არქონა. საბრუნავი კაპიტალის, იაფი ფულის გარეშე ქართული ეკონომიკა ვერ განვითარდება. საჭიროა, ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა. ვფიქრობ, თხილის სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელსაც სოფლის მეურნეობა ეყრდნობა. სახელმწიფოს ბევრი პროექტი აქვს, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ, თუმცა გრძელვადიან პრესპექტივაში, ეს საკმარისი არ არის. ეს ყურადღსაღები პრობლემაა. თხილის სექტორს სეზონზე საბრუნავ კაპიტალად სჭირდება მაქსიმუმ 100 მლნ ლარი. ეს ფინანსური რესურსი ბიზნესისთვის 5-6%-ად რომ იყოს ხელმისაწვდომი, ამას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო ჩარევა - რაღაც ახალი ინსტრუმენტი უნდა შეიქმნასლ მაშინ დარგში მომუშავე კომპანიები სესხს ლარში აიღებდნენ და შესაბამისად, კურსთაშორისი დანაკარგები ძალიან მინიმალური იქნებოდა. რეალურად, ბიზნესი კარგავს ფულს იმაში, რაშიც არ უნდა კარგავდეს", - განაცხადა მამუკა ბერიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები