აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდნენ. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი შუამავლებთან შეხვედრა და ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის განხილვაა.
მიუხედავად ვიზიტისა, ოფიციალური დოჰა ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი უმაღლესი დონის დიალოგი ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„აშშ-სა და ირანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა ამჟამად დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა კატარის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაჯედ ალ-ანსარიმ.
მან ასევე დაამატა, რომ უიტკოფი და კუშნერი, ირანელ ოფიციალურ პირებს „პირისპირ არ შეხვდებიან“.
მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ თემას ირანის გაყინული ფინანსური რესურსები წარმოადგენს. ალ-ანსარის განმარტებით, საუბარია ჯამში 12 მილიარდი დოლარიდან 6 მილიარდის გადარიცხვაზე, რაზეც მხარეებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ.
„გაყინული ირანული ფონდებიდან 6 მილიარდი დოლარის გადარიცხვაზე აშშ და ირანი ერთობლივად შეთანხმდებიან. გაყინული აქტივების საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების პროგრესთან“, - აღნიშნა კატარის საგარეო უწყების სპიკერმა.
კატარი, ომანთან ერთად, წლებია ასრულებს წამყვანი შუამავლის როლს აშშ-სა და ირანს შორის არსებული კრიზისების, მათ შორის პატიმართა გაცვლისა და ფინანსური აქტივების დეპლოკირების პროცესში.
მედია არ წერს, რა გახდა დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ ირანული მხარე პირისპირ საუბრებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გუშინ გავრცელებულ ცნობებს თავიდანვე სკეპტიკურად აფასებდა და არსებული დაძაბულობის ფონზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში პირდაპირ მონაწილეობას გამორიცხავდა. უცნობია ისიც, აპირებს თუ არა ირანი კატარში საკუთარი წარმომადგენლების გაგზანვას.




























