სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, სასაკლაოზე ინსპექტორებმა დიდი რაოდენობით (11 მსხვილფეხა პირუტყვის) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ხორცი ამოიღეს.
"ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, საქონელს კვლავდა და ამუშავებდა.
ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მავნედ მიჩნეული სურსათი კი, კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურდება", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.




























