მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განვიცდით“ – „ფაბრიკა 1900“

63d7845471b01
თინათინ ნატმელაძე
04.02.23 18:56
6278
მუყაოს შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „ფაბრიკა 1900“ სოფელ ძეგვში 2017 წელს ამოქმედდა და როგორც მისი თანადამფუძნებელი ზურაბ ალავიძე BM.GE-თან საუბარში აცხადებს, მათი პროდუქციის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება, ხოლო 3% სომხეთში ექსპორტზე გადის.

„საქართველოში არსებული თითქმის ყველა კომპანია, რომელიც რაიმე სახის პროდუქტს აწარმოებს და შემდეგ მისი ტრანსპორტირება სჭირდება, ჩვენი მომხმარებელია. თვიურად დაახლოებით 1 000 ტონა შესაფუთ მასალას ვაწარმოებთ, მიმდინარე წელს კი უფრო დიდი სიმძლავრის დანადგარების დამატებას და ევროპის საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც ვგეგმავთ, ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელიც კომპანიაში 2022 წელს გამოიკვეთა, თანადამფუძნებლის ცნობით, მთავარი სირთულე კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

„კვალიფიციური კადრების და იმ ადამიანების მოძიება, რომლებსაც სურთ, რომ განვითარდნენ და ამ სფეროში რამე ისწავლონ, ძალიან დიდი გამოწვევაა, რაც გასაკვირია, რადგან საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პოზიციები გვაქვს, ასევე საინტერესო გარემო გვაქვს გასაზრდელად და გასავითარებლად.

გასულ წელს რაღაც ეტაპზე გაყიდვებიც შეგვიმცირდა, რაც იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩვენი ძირითადი მომხმარებელი მეღვინეები არიან, მათი საექსპორტო ბაზრების დაკარგვამ კი, ცხადია, ჩვენზეც იმოქმედა, მაგრამ შემოდგომაზე ეს სიტუაციაც დარეგულირდა“, - განმარტავს „ფაბრიკა 1900“-ის თანადამფუძნებელი.

პროდუქციის საფასურზე საუბრისას ალავიძე აღნიშნავს, რომ ყველა პროდუქტს თავისი განსხვაბებული კონსტრუქცია სჭირდება, რის მიხედვითაც შესაფუთი მასალის ფასი იცვლება.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კომპანია ამჟამად 150 ადამიანს ასაქმებს. ის 2017 წელს დამფუძნებლების პირადი ინვესტირებით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები