საჩხერეში მდებარე ბარ-რესტორნის „ოტუნა“ დამფუძნებელი, ბესიკ გულიაშვილი BM.GE-სთან სექტორში არსებულ კადრების დეფიციტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არაპროფესიონალი კადრის პოვნაც კი რთულია.
მისი ინფორმაციით, ბაზარზე სამი წელია ოპერირებენ და მომხმარებელს როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს სთავაზობენ.
„კადრების პრობლემა ჩვენთვის დაუძლეველი გამოწვევაა. კვალიფიციურ კადრზე საუბარი ზედმეტია, ისეთ კადრსაც ვერ ვშოულობთ, რომელსაც უბრალოდ სურვილი მაინც ექნება შეისწავლოს და გარკვეული პერიოდით მაინც დასაქმდეს.
მესმის, ძალიან შრომატევადი საქმეა, დიდი დატვირთვაა და ახალგაზრდებს სურვილი აქვთ უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეთ. შესაბამისად, ყოველ ორ - სამ თვეში 2 ადამიანს მაინც ვიცვლით, განსაკუთრებით მიმტანებს.
რაც შეეხება ფასებს, თბილისისთვის ნორმალური ფასები გვაქვს, თუმცა საჩხერისთვის შედარებით ძვირია. ამასთან მომსახურების 10%-იანი საკომისიოც გვაქვს, რაც საჩხერის არცერთ კვების ობიექტში არ ყოფილა და მოსახლეობა საწყის ეტაპზე ვერ ხვდებოდა, თუ რატომ უნდა გადაეხადათ საკომისიო. ასევე, ევროპული კერძები, პიცა იქნება თუ ცეზარი, პირველად ჩვენთან გასინჯეს და თავდაპირველად თუ მიმღებლობის პრობლემა ჰქონდათ, ახლა ჩვენს კერძებზე გიჟდებიან“, - აცხადებს გულიაშვილი.
მისივე ცნობით, მოთხოვნა მათ კვების ობიექტზე ძალიან დიდია. მათი ძირითადი სტუმრები ქართველები არიან, ხოლო სეზონზე, ობიექტში ევროპელი სტუმრებიც ჭარბობენ.
„რაც რაჭის გზას დაგვაკავშირეს, ჩვენთან სტუმრების რაოდენობა 20-25%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, რამდენიმე გიდთან ვთანამშრომლობთ, რომლებსაც უცხოელი სტუმრები ჩვენს ბარ - რესტორანში მოჰყავთ“,- განმარტავს დამფუძნებელი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, გულიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საბავშვო სივრცე უნდა მოეწყოს, რაშიც დაახლოებით 40000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
ინფორმაციისთვის, ბარ-რესტორანი „ოტუნა“ საჩხერეში, ცენტრთან ახლოს სამი წელია ოპერირებს და მომხმარებელს ქართულ და ევროპულ კერძებს სთავაზობს. რესტორნის სრულად მოსაწყობად, შენობის მშენებლობის გარეშე დაახლოებით 200000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს. მასში ამ დროისათვის 14-მდე ადამიანია დასაქმებული.