იტალიური კლუბი “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და აგენტის მამუკა ჯუღელის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც მათ გადაცემაში “სპორტი იმედზე” გააკეთეს.
კომენტარს სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური X გვერდიც გამოეხმაურა, რომელთა განცხადებითაც ფეხბურთელის მომავალს არა მამა ან აგენტი, არამედ კლუბი წყვეტს:
“კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებებს ვეხმაურებით და ვაცხადებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. იმ ფეხბურთელის მომავალს, რომელსაც “ნაპოლისთან” კონტრაქტი აკავშირებს, მამები და აგენტები არ წყვეტენ. ამ ყველაფერს წყვეტს “ნაპოლი”. ამბის დასასრული” - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ფრანგული “პსჟ” ინტერესდება, თუმცა “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს გაზრდილი ხელფასითა და გამოსასყიდი თანხით.
გუნდის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, საერთოდაც ევრო 2024-ის მიმდინარეობისას საქართველოს ბაზაზე ჩასვლასა და კვარაცხელიასთან მოლაპარაკებებსაც გეგმავს, რათა დარჩენაში დაიყოლიოს.
ცნობისთვის, “პარი სენ ჟერმენი” კვარაცხელიას წელიწადში ბონუსებთან ერთად 9 მილიონიან ხელფასსა და 2029 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა “ნაპოლი” ქართველის გასხვისებას არ აპირებს.
მამუკა ჯუღელის განცხადებით, ქართველ შემტევს კლუბის დატოვება სურს, რადგან მისთვის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე მყოფი გუნდის რიგებში ასპარეზობაა. ბადრი კვარაცხელიას განცხადებით, მისი სურვილია ხვიჩამ კლუბი დატოვოს, თუმცა საბოლოო სიტყვა რა თქმა უნდა ფეხბურთელს ეთქმის.