კახეთის ტურისტულ სექტორში, მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული გამოწვევებისა, პრემიუმ სეგმენტის ობიექტები სტაბილური ნაკადების შენარჩუნებას ახერხებენ. „ყვარლის ტბის რეზორტის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერის, ნათია სოსიაშვილის განცხადებით, რეზორტმა გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე უცხოელი სტუმრების წინასწარი ჯავშნების 80%-ის შენარჩუნება შეძლო.
როგორც მან BMG-ის გადაცემაში ისაუბრა, ტურიზმის ინდუსტრიაზე გლობალური მოვლენები პირდაპირ აისახება, თუმცა ბიზნესის მოქნილობა კომპანიას მნიშვნელოვანი დანაკარგების თავიდან აცილებაში დაეხმარა.
„ტურიზმი არის სფერო, რომელზედაც მოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე აბსოლუტურად ყველა რყევა. ომმა და გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენს სასტუმროზე და ზოგადად, ქვეყნის ტურიზმის სექტორზე“, - განაცხადა ნათია სოსიაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოელი სტუმრებისგან მიღებული წინასწარი ჯავშნები, რომლებიც მაღალი სეზონისთვის უკვე დაგეგმილი იყო, გაუქმების რისკის წინაშე აღმოჩნდა.
„როდესაც ეს ფორსმაჟორული რყევები დაიწყო, ჩვენ გვქონდა ჯგუფების გარანტირებული ჯავშნები უცხოელი მომხმარებლებისგან. უცხოელებს ახასიათებთ წინდახედულობა, ისინი ჯავშნებს წინასწარ აკეთებენ, განსხვავებით ქართველი მომხმარებლებისგან, რომლებსაც დასვენება დღესვე ან მაქსიმუმ ხვალ სურთ“, - აღნიშნა მან.
ნათია სოსიაშვილის განცხადებით, კომპანიამ სტუმრებს ჯავშნების გადატანა, თარიღების ცვლილება და სხვა შეთავაზებები შესთავაზა, რის შედეგადაც ჯავშნების დიდი ნაწილის შენარჩუნება შეძლო.
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჯავშნების გადატანაზე, შევთავაზეთ თარიღების ცვლილება, ფასდაკლებები და შედეგად ჯავშნების 80%-ის შენარჩუნება შევძელით“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ ნახევარში გარკვეული კლება შეინიშნებოდა, ივნისის მონაცემებით პოზიტიური დინამიკა უკვე გამოიკვეთა.
„ივნისის თვის მონაცემებით, რომელიც უკვე დახურულია, ვიზიტორთა და ჯავშნების რაოდენობაში 6-დან 10%-მდე ზრდა გვაქვს. ახლა, როცა სიტუაცია დასტაბილურდა, ისევ დაგვიბრუნდა წინასწარი ჯავშნების კულტურა უცხოეთიდან“, - აღნიშნა „ყვარლის ტბის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.




























